Logo

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში: წარმატების ამბავი

ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა საქართველოში: წარმატების ამბავი

2016 წლის 30 სექტემბერს ევროპის ფონდმა დაასრულა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ამ პროექტის შედეგად, კონკრეტული ცვლილებები განიცადა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ და პრაქტიკამ, კერძოდ, გაუმჯობესდა სასურსათო პროდუქტების ეტიკეტირება, გაიზარდა სასურსათო საწარმოების ინსპექტირების შედეგების გამჭვირვალობა, გაუმჯობესდა სურსათის უვნებლობის სისტემები სასურსათო საწარმოებში. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებების თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდასთან ერთად, პროექტმა ასევე გააუმჯობესა რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა, ასევე, განავითარა ცამეტი სსო-სა 73 ახალგაზრდის უნარები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მონიტორინგისა ადვოკატირების კუთხით.

ორივე ქვეყნის საჯარო უწყებებმა პროექტის ფარგლებში შემუშავებული თვრამეტი რეკომენდაცია გაითვალისწინეს. მაგალითად, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტების შესახებ, რომელმაც აკრძალა რძის პროდუქტების სახელწოდებების დატანა ისეთი პროდუქტების ეტიკეტებზე, რომლებიც მცენარეულ ცხიმს შეიცავენ. მოლდოვაში, ერთ-ერთ რეგიონულ ქალაქში მომუშავე გრანტის მიმღები სსო-ს თანმიმდევრულმა ადვოკატირების კამპანიამ დაარწმუნა მუნიციპალიტეტი დაეხურა არალეგალური ქუჩის ბაზარი, რომელიც ქალაქის ცენტრში მუშაობდა.

პროექტის ფარგლებში, ევროპის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოსა და მოლდოვაში სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებდნენ, მათ შორის, სურსათის უვნებლობის რეგულირების წლიური შეფასებების გზით, რომლებიც შეისწავლიდნენ ორი ქვეყნის ხელისუფლებების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას. ამის გარდა, მონიტორინგს ახორციელებნდენ პროექტის გრანტის მიმღები სსო-ები, რომლებიც მომხმარებელთა 2 500-ზე მეტ მიმართვას გამოეხმაურნენ და, სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევის, სულ მცირე, 260 შემთხვევა გამოავლინეს, საიდანაც 145 დარღვევა ან თავად მეწარმეების მიერ, ან საჯარო უწყებების ჩარევის შედეგად გამოსწორდა. პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირებისათვის, ევროპის ფონდი და მისი პარტნიორები ორივე ქვეყანაში რეგულარულად ხვდებოდნენ საჯარო უწყებებს, ასევე, მოაწყვეს თექვსმეტი საჯარო დისკუსია, თორმეტი შეხვედრა რეგიონული ქალაქების საზოგადოებასთან და ორი კონფერენცია, რომლებმაც შეკრიბა საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები, ხელი შეუწყო ევროკავშირის სურსათის უვნებლობის პოლიტიკასთან დაახლოებას და, ამგვარად, საქართველოსა და მოლდოვას მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის მდგრადობას ხელი შეუწყო მომხმარებელთა ინფორმირების მიზნობრივმა კამპანიებმა, რომლებიც ორივე ქვეყანაში ჩატარდა, ვინაიდან ინფორმირებული მომხმარებლის გარეშე, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრულყოფილი შესრულება შეუძლებელია. პროექტის პარტნიორებმა და გრანტის მიმღებებმა მოამზადეს და გაავრცელეს 150-ზე მეტი სოციალური რეკლამის რგოლი, სატელევიზიო სიუჟეტი, ტოქ-შოუ და სხვა სარეკლამო მასალა. პროექტის ვებგვერდებმა ქართულ და მოლდოვურ ენებზე www.mkidveli.ge და www.alegesanatos.md, ასევე, მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებისადმი მიძღვნილმა ვებგვერდმა www.momxmarebeli.ge, დაახლოებით 703 000 ვიზიტორი მიიზიდა.

გარდა ამისა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ევროპის ფონდმა შეიმუშავა ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, საკუთარი სმარტფონების მეშვეობით გაეცნონ თბილისის საწარმოების სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს და, ამგვარად, სურსათის შეძენისას უფრო ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ნინო კაჭკაჭიშვილი, მომხმარებელი. 

 

ასევე, ნიშანდობლივია ევროპის ფონდისა და მისი პარტნიორების დახმარება მეწარმეებისადმი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდისა და მათი წარმატებული მუშაობის წარმოჩენის კუთხით, წლის „საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ წოდების მინიჭებით.

„გვჯერა, რომ პროექტმა საქართველოსა და მოლდოვას ბევრი სარგებელი მოუტნა. თუმცა, სამუშაო ჯერ დასრულებული არ არის. მეტი ძალისხმევაა საჭირო სურსათის უვნებლობის საკითხებზე მეწარმეებისა და მოქალაქეების ცნობიერების გასაზრდელად, მომხმარებლის უფლებების დასაცავად სამოქალაქო აქტიურობის წასახალისებლად, საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად. ევროპის ფონდი, უახლოესი წლების მანძილზე ამ მიმართულებით დაინტერესებული მხარეების მობილიზაციას გააგრძელებს,“ განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა.

 

პროექტის შესახებ:  

პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა „ევროკავშირთან დაახლოების გამჭვირვალე პროცესი: სანიტარული და ფიტოსანიტარული პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვაში“. პროექტი ხორციელდებოდა 2013 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის სექტრემბრის ჩათვლით, მოლდოვას აღმოსავლეთ ევროპის ფონდთან და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 მილიონ ევროს აჭარბებდა, რომლის 90%-იც ევროკავშირმა დააფინანსა.

საკონტაქტო პირი: ლელა ბერძული, ევროპის ფონდის პროგრამის თანაშემწე. ელფოსტა: lberdzuli@epfound.ge  ტელ.: 225-39-42/43.

თარიღი

06.07.2018