Logo

5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება

5 საწარმოში სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები დაინერგება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე თხილის სამ და ხილის ორ გადამამუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვაა დაგეგმილი.სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს ოთხმხრივი ხელშეკრულებები გაფორმდა რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშირისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს თანადაფინანსებას უზრუნველყოფენ. ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა, ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და საწარმოების დირექტორებმა მოაწერეს.როგორც უწყებაში აცხადებენ, დახმარება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას, ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს. „შეთანხმების მიზანი გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობაა. მნიშვნელოვანია რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, რაც ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას შეუწყობს ხელს“- განაცხადეს უწყებაში.სამინისტროს ცნობითვე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 12 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფომ გრანტის სახით $ 3 310 518 უკვე გაიღო, ასევე, დამატებით ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით $ 3 839 482 - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება განახორციელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც გრძელვადიან განვითარებაზეა გათვილილი და მისი მიზანი ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. 

წყარო

თარიღი

06.07.2018