Logo

„ევროპული სტანდარტების დანერგვა პროდუქციას გააიაფებს“

„ევროპული სტანდარტების დანერგვა პროდუქციას გააიაფებს“

2015 წლის 1 იანვრიდან  რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიებმა საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემა უნდადანერგონ. სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა სავალდებულო  იქნება მცირე საწარმოებისთვისაც.  ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა მიქაძე აცხადებს, რომ  მცირე ზომის კუსტარული  საწარმოების - საოჯახო მეურნეობების დიდი ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. მიქაძე მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სურსათის წარმოებისთვის საჭირო სტანდარტების მისაღწევად მცირე მეწარმეები უნდა გაერთიანდნენ და საწარმოს რეორგანიზების, ან თავიდან გაკეთებისთვის  საჭირო თანხა ერთობლივი ძალით მოიძიონ.

"საქართველოში ყველის დიდი ნაწილი საოჯახო მეურნეობებში - პატარა, კუსტარულ საწარმოებში მზადდება, რომელთა უმეტესობაც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია. არის საწარმოები, სადაც ყველს საყოფაცხოვრებო  აბაზანებში ჩასხმულ მარილწყალში ავარგებენ, კარაქს კი სარეცხ მანქანებში დღვებავენ. მართალია, ამბობენ, რომ "ტექნიკა" ახალია და საწარმოს კომპაქტურად მოწყობისთვის ასეთი გამოსავალი იპოვეს, მაგრამ ასეც  რომ იყოს, აბაზანა და სარეცხი მანქანა არ არის იმ მასალისგან დამზადებული, რომლის გამოყენებაც საკვები პროდუქტების წარმოებაში დაშვებულია. ამიტომ, ასეთ საოჯახო მეურნეობებს ყველაფერი თავიდან ბოლომდე  შესაცვლელი ექნებათ. უჟანგავი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული ქვაბი, რომელშიც ჩაასხავენ რძეს და მოაყველებენ ყველს, უჟანგავი მასალისგან უნდა იყოს დამზადებული ყველის დასავარგებელიც.  ეს მარტივი და ელემენტარული წესია და ის აუცილებლად უნდა იყოს დაცული. ამისთვის სულაც არ არის საჭირო ISO-ს და HACCP-ის სტანდარტების დანერგვა. საწარმო მინიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. არ შეიძლება ყველი და კარაქი საყოფაცხოვრებო აბაზანებსა და სარეცხ მანქანებში კეთდებოდეს", - ამბობს ანა  მიქაძე.

ყველის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გადამზადებისა და მათთან საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო: "ადამიანებს უმტკივნეულოდ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჰიგიენის დაცვა არის N1 პრობლემა რძის პროდუქტების დღევანდელ წარმოებაში. მცირე მეწარმეები გაერთიანების შემთხვევაში ადვილად შეძლებენ მეურნეობების რეორგანიზების,  ან საწარმოს თავიდან გაკეთებისთვის საჭირო თანხის მოძიებას.  მათთვის დაფინანსების წყარო შესაძლოა, იყოს ევროკავშირის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოყოფილი გრანტები და მიზნობრივი პროგრამები. სახელმწიფოსაც აქვს რესურსი იმისთვის, რომ ასეთ პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა და თანადამფინანსებლად გამოვიდეს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო სწორედ ამისთვის არის შექმნილი".

ამ მოსაზრებას საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძეც იზიარებს: "საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტის დანერგვა 15 ათასი ევრო ჯდება. ეს იმ შემთხვევაში, როცა საწარმო უკვე არსებობს. იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც პროდუქციას კუსტარულად, ან სახლის პირობებში ამზადებენ, უფრო დიდი თანხა დასჭირდებათ: მათ ჯერ სტანდარტების შესაბამისი საწარმო უნდა მოაწყონ და შემდეგ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობაც დანერგონ. წვრილი ფერმერები ამას ვერ შეძლებენ. თუმცა, მათ აქვთ გამოსავალი - წვრილი ფერმერული მეურნეობები კოოპერატივში უნდა გაერთიანდნენ. კოოპერატივის დასაფუძნებლად  საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება რამდენიმე გზით შეიძლება: არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო პროექტებიდან, ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან. ამ პროგრამების საშუალებით წვრილ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ და თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნან".

კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტი საწარმოებმა 2020 წლამდე უნდა დანერგონ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ მცირე ოჯახური საწარმოების კონტროლს ევროკავშირი არ ითხოვს. თუმცა,  განსაკუთრებულ შემთხვევევებში,  ხელისუფლებას აქვს უფლება, რომ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ოჯახურ წარმოებებს  გარკვეული პირობები  წაუყენოს: "იყო შემთხვევევბი, როცა ოჯახური წარმოების  ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოწმებისას  საშიში დაავადებები გამოვლინდა. ამიტომ საოჯახო ბიზნესმაც გარკვეული სტანდარტები  უნდა დაიცვას. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ მოიქცევა ამ მიმართულებით საქართველო.  ევროკავშირში გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ძალიან მცირე მწარმოებელი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე და ვიწრო ადგილობრივ სეგმენტზე ჰყიდის სურსათს, კონტროლისგან  თავისუფლდება.  

საქართველოში კონტროლი  არ შეეხება ძალიან მცირე საწარმოებს, მაგრამ თუკი მათი ნაწარმი საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს შესაფერისი ზომების მიღების ვალდებულება ექნება. ევროკავშირის მოთხოვნა არ არის საქართველოში მცირე ოჯახური საწარმოების კონტროლი. მაგრამ,  განსაკუთრებულ შემთხვევევებში,  თვითონ საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახურ წარმოებას საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შესაძლოა, გარკვეული პირობები  წაუყენოს.  მაგალითად, ევროკავშირში არასდროს არ ხდებოდა მცირე საწარმოების მონიტორინგი,  მაგრამ როცა ძროხის ცოფი გავრცელდა და  საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, მაშინ მიდგომაც შეიცვალა".

გაზრდის თუ არა  უსაფრთხო სურსათის წარმოებისთვის საჭირო სტანდარტების დანერგვა პროდუქციის ფასს?

მეწარმეთა და ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სურსათის წარმოებისთვის საჭირო სტანდარტების დანერგვა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს, რადგან საწარმოს გადაიარაღებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას დამატებითი ინვესტიციების განხორციელება დასჭირდება, ეს კი პროდუქციის საბოლოო ფასზე აუცილებლად აისახება. ამ მოსაზრებას არ იზიარებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიგლა აგულაშვილი. ის  ევროკომისიის დაკვეთით Ecorys-ის მიერ შესრულებულ კვლევას იმოწმებს, რომელიც ევროკავშირის ექსპერტებმა ჩაატარეს: "ამ კვლევის მიხედვით არც გრძელვადიან და არც მოკლევადიან პერსპქტივაში ძირითად სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. არის ბევრი ფაქტორი, რომელიც პროდუქტის ფასზე გავლენას ახდენს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ფაქტორი ასოცირების ხელშეკრულებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებასთან უნდა დავაკავშიროთ. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის გამო პროდუქცია არ გაძვირდება. როგორც წესი, უვნებელ სურსათზე მოთხოვნა იზრდება. უვნებელი  სურსათი კონკურენტუნარიანია და ამის გამო მისი წარმოების მოცულობაც იზრდება. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და იმ საინვესტიციო შესაძლებლობებით, რომელსაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება იძლევა,  პროდუქცია არ გაძვირდება. ინვესტიციები უზრუნველყოფს, რომ საწარმოს გადაიარაღება მოხდეს ისე, რომ საბოლოო პროდუქტის მიღებაზე გაწეული დანახარჯი შემცირდეს, შრომის რენტაბელობა კი გაიზარდოს. თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი სტანდარტები შრომის უკეთესი ორგანიზების და დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა. ევროპაში ნამყოფი ვარ საწარმოებში, სადაც 1კგ პამიდვრის თვითღირებულება ზამთარში 0,25 ცენტია. გავიდეთ ჩვენს სამომხმარებლო ბაზარზე, ან მივიდეთ ნებისმიერ მეწარმესთან და ვნახოთ, რა უჯდება მას 1 კგ პამიდორის თვითღირებულება. რა თქმა უნდა, ევროპული პროდუქციის ფასი უფრო იაფია. შესაბამისად, ევროპული სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტიციების შემოსვლა, რაც აუცილებლად მოჰყვება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმების  განხორციელებას, აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის გაიაფებას, როგორი პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს ეს ერთი შეხედვით.  ჩემი აზრით, Ecorys-ის კვლევაში სწორი დასკვნებია გაკეთებული და ჩვენი მოლოდინიც ასეთია".

 

წყარო

თარიღი

04.07.2018