Logo

თხილის გადამამუშავებელ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება

თხილის გადამამუშავებელ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი დაინერგება

თხილის სამ და ხილის გადამამუშავებელ ორ საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტი ISO 22000 დაინერგება.

სტანდარტის დანერგვა დაგეგმილია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

დღეს გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია დააფინანსებენ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ს.

ხელშეკრულებას ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის  დირექტორმა ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და  საწარმოების დირექტორებმა მოაწერეს.

დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას;  ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას.

როგორც პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, შეთანხმების მიზანია გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

”მნიშვნელოვანია რომ საწარმოები არა მარტო ფინანსურ დახმარებას იღებენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართულ პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას” – აცხადებენ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 12 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო $ 3 310 518, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების – ჯამური  ღირებულებით $ 3 839 482  –  საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.

წყარო

თარიღი

06.07.2018