Logo

სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემების დანერგვა აქტუალური გახდა

სურსათის უვნებლობის თანამედროვე სისტემების დანერგვა აქტუალური გახდა

 „დღეს ყველამ იცის, რომ  საკანონმდებლო მოთხოვნები მკაცრდება სურსათის უვნებლობის კუთხით და თუ არ აქვთ დაწყებული  ახალი სისტემის დანერგვა, ჩვენი ინფორმაციით ამაზე ფიქრობენ მაინც, რაც სწორი და მისასალმებელია.“
 
ევროპასთან ასოცირების შეთანხმების შემდეგ საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატების მიღება ქართული საწარმოებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. ამის მიზეზი საერთაშორისო და კერძოდ,  ევროპის ბაზრებზე პროდუქციის გატანის ახალი, გამარტივებული შესაძლებლობაა. საქართველოში საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) უკვე რამდენიმე წელია ქართულ კომპანიებს სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვაში ეხმარება. მისი წარმომადგენელი, მაია თევზაძე  ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ  ბოლო დროს ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 
 
მაია თევზაძე (IFC  აგრობიზნესის სტანდარტების საკონსულტაციო პროგრამა, პროექტის მენეჯერი): 
 
- სერტიფიცირება სურსათის უვნებლობის კუთხით ძალიან აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ როგორც იცით, ხელი მოეწერა ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ქართულ კომპანიებს, სურსათის მწარმოებლებს, აძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ განახორციელონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ევროპის ბაზარზე და შესაბამისად, სერტიფიცირება და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის არსებობა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ შენი პროდუქცია ექსპორტზე ევროპაში  (და არა მხოლოდ ევროპაში) გაიტანო. ამიტომაც გაიზარდა ინტერესი კომპანიების მხრიდან. 
 
- რა არის ეს სერტიფიკატები?
 
- აგროსაწარმოო ჯაჭვში არის სხვადასხვა სტანდარტები, მაგალითად, პირველადი წარმოების კუთხით არსებობს „Global Gap”. ის იშიფრება, როგორს სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკა. ის არის სოფლის მეურნეობის პროდუქტის პირველადი წარმოებისთვის, და არა გადამუშავებისთავის. ასეთი პროდუქტებია:  ხილი, ბოსტნეული და ხორცის პროდუქცია. ის მოიცავს სხვადასხვა ელემენტებს, მაგალითად, პესტიციდების სწორად მოხმარებას, გარემოს დაცვის კუთხით  წესებს, რომელიც უნდა გამოიყენოს ფერმერმა, რომ არ გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება; როგორ უნდა დაგეგმოს სწორად თავისი ნათესები, რა საშუალებები უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ საწარმოში დაცული იყოს პერსონალის უსაფრთხოება, პერსონალის კვალიფიკაცია, ჰიგიენა და სხვა. თავდაპირველად, მწვანილის მწარმოებელმა „ჰერბიამ“ დანერგა Global Gap, დღეს  ეს სერტიფიკატი რამდენიმე კომპანიას აქვს უკვე. ახლა სულ უფრო მეტი მწარმოებელი აკეთებს Global Gap-ის სერტიფიცირებას, ანუ ინტერესი საგრძნობლად გაზრდილია. 
 
სურსათის გადამუშავების სფეროში  მრავალი სტანდარტი არსებობს, ამ რეგიონში ყველაზე გავრცელებული იყო ISO22000. დღეს არსებობს თანამედროვე სერტიფიცირების სქემა, რომელსაც ჰქვია FSSC22000. ის ეფუძნება ISO22000-ს და ამ რეგიონში სურსათის უვნებლობის კუთხით ყველაზე გავრცელებული თანამედროვე სტანდარტია, რომელიც   მსოფლიო დონეზეა აღიარებული სხვადასხვა მსხვილი საცალო ქსელების და მსხვილი საერთაშორისო მწარმოებლების მიერ. ეს არის ის სტანდარტი, რომელსაც  მსხვილი მწარმოებლები თხოვენ თავიანთ მომწოდებლებს. HACCAP არის სისტემა, რომელიც საფუძვლად უდევს სურსათის უვნებლობის ყველა საერთაშორისო სტანდარტს. ის იშიფრება, როგორც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა და უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რისკების  მართვას.
 
- რამდენიმე მსხვილმა მწარმოებლებმა საქართველოში დანერგა ეს საერთაშორისო სისტემები და სტანდარტები, მაგრამ რა ღირს საშუალოდ მეწარმისთვის ამ სტანდარტის დანერგვა? რა მასშტაბის მეწარმეზე შეიძლება იყოს საუბარი, ვინ გაწვდება მის  დანერგვას?
 
- დანერგვა და სერტიფიცირება სხვადასხვა რამაა. დანერგვა კომპანიას საკუთარი ძალებითაც შეუძლია. მას შეუძლია დაიქირავოს კონსულტანტი და ისე დანერგოს, სერტიფიცირება კი უკვე ხდება საერთაშორისო სასერტიფიკაციო ორგანოების მიერ. განსხვავებული ფასებია, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ იყოს მენეჯმენტის სურვილი, დაინერგოს ეს სისტემა და იყოს ადამიანური რესურსი, რომელიც სურვილის რეალიზაციას მოახდენს. ყველაზე პრობლემატური ეს არის. კომპანიას შეუძლია ერთჯერადად დანერგოს სისტემა, დოკუმენტაცია შექმნას და სერტიფიცირებაც მოახდინოს, მაგრამ შემდეგ ეს სისტემა აღარ შეინარჩუნოს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ  მენეჯმენტს სინამდვილეში არ უნდოდა ამ სისტემის შენარჩუნება. 
 
ამ სტანდარტების დანერგვა მცირე საწარმოსაც შეუძლია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში დანერგოს და მსხვილსაც. არ არის აუცილებელი, რომ მცირე მეწარმემ თანამედროვე ლაბორატორია აღჭურვოს თავისი საწარმოს ბაზაზე და ამიტომ თანხებიც, რომელიც უნდა გაიღოს საწარმომ, კარდინალურად განსხვავდება იმის მიხედვით, სტრატეგიულად რა ზომის კომპანიაა და რა გეგმები აქვს მომავალში. ანუ, სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა შეიძლება დაინერგოს და არ არის აუცილებელი გაიაროს სერტიფიცირება. სერტიფიცირება არის მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ დადასტურება იგივე კომპანიისთვის, რომ მისი სისტემა არის ეფექტური, ის მოქმედებს და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ეს ნებაყოფლობითი პროცესია და არა სავალდებულო. ვერც ერთი ქვეყნის კანონმდებლობაში ვერ ნახავთ, რომ სერტიფიცირება სავალდებულო იყოს. უბრალოდ, მეწარმეებს უნდათ, რომ ჰქონდეთ სერტიფიკატი, რადგან ბაზრისთვის ეს კარგი სიგნალია და კონკურენტულ გარემოში მათ უპირატესობას ანიჭებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კომპანია საექსპორტო ბაზრებზე არის ორიენტირებული. 
 
- არის თუ არა სერტიფიკატი სავალდებულო მოთხოვნა ევროპაში ექსპორტისთვის?
 
- მათთვის, ვისაც ევროპაში გააქვს პროდუქტი, HACCP  სავალდებულო მოთხოვნაა. ამისი დადასტურება, რამდენად აქვს კომპანიას ეს სისტემა დანერგილი, დამოკიდებულია სავაჭრო პარტნიორზე. შეიძლება ის ენდოს თქვენს სერტიფიკატს. არსებობს ასეთი საერთაშორისო ორგანიზაცია -  GFSI გლობალური სურსათის უვნებლობის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ყველა მსხვილ საცალო ქსელს და ასევე ყველა მსხვილ მწარმოებელს. სწორედ ის განსაზღვრავს სტანდარტებს, რომელსაც ყველა წევრი შემდეგ აღიარებს და მომწოდებლისგან ითხოვს, როგორც სავალდებულოს. მწარმოებელს ერთ-ერთი სტანდარტი თუ აქვს, გარანტირებულია, რომ ნებისმიერი მსხვილი საცალო ქსელი აღიარებს მის სერტიფიცირებულ სისტემას. თუმცა, შესაძლებელია, რომ სხვა, მცირე სავაჭრო პარტნიორი თავად ჩამოვიდეს, ჩაატაროს საწარმოს აუდიტი, ასე დარწმუნდეს სურსათის უვნებლობაში და მესამე მხარის მიერ დადასტურება აღარ მოითხოვოს. 
 
კომპანიის რეპუტაციისთის და ინვესტორების მოსაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის თანამედროვე  სისტემის დანერგვა - როდესაც ინვესტორი ხედავას, რომ კომპანიას ის აქვს, ეს მისთვის არის  ნიშანი, რომ კომპანია არის მდგრადი და ის მართავს თავის საოპერაციო რისკებს, მათ შორის სურსათის უვნბლობის კუთხით. 
 
- რა ღირს სურსათის უვნებლობის თანმედროვე სისტემის დანერგვა?
 
- ძირითადი ხარჯები არის ძველი საწარმოების გარდაქმნაში, კედლების, ჭერის, თვითონ საწარმოო პროცესის მოწყობაში და მთლიანად საწარმოო ტერიტორიის გადაკეთებაში. გარკვეული თანხაა საჭირო  ასევე პერსონალის მომზადებისთვის. ძალიან ბევრ მცირე საწარმოს, როგორც წესი, არ ჰყავს გამოყოფილი პერსონალი იმისთვის, რომ სურსათის უვნებლობაზე, ან ხარისხზე იყოს პასუხიმსგებელი. ასეთი კადრი უნდა მოიძებნოს, ან მომზადდეს. მთელი პერსონალი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. დანადგარებზე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არის. უბრალოდ, უნდა იყოს შესაძლებელი მათი გაწმენდა, დეზინფექცია. საწარმოო პროცესი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ იყოს დაბინძურების რისკი. დღეს ყველამ იცის, რომ  საკანონმდებლო მოთხოვნები მკაცრდება სურსათის უვნებლობის კუთხით და თუ არ აქვთ დაწყებული  ახალი სისტემის დანერგვა, ჩვენი ინფორმაციით ამაზე ფიქრობენ მაინც, რაც სწორი და მისასალმებელია.

წყარო

თარიღი

06.07.2018