Logo

სურსათის უვნებლობის სტანდარტების გამკაცრებას ევროკავშირთან ერთად მომხმარებელიც ითხოვს

სურსათის უვნებლობის სტანდარტების გამკაცრებას ევროკავშირთან ერთად მომხმარებელიც ითხოვს

 გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ნინო ზამბახიძესთან.
 
2015 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP -  Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემის დანერგვა. რა არის ის მთავარი პრობლემა, რაც ახალ რეგულაციებზე გადასვლისას წვრილმა ფერმერმა უნდა დაძლიოს?
 
-პირველი, რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც გვერდს ვერ ავუვლით, ეს არის თანხა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტის დანერგვა 15 ათასი ევრო ჯდება. ეს იმ შემთხვევაში, როცა საწარმო უკვე არსებობს. 
 
იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც პროდუქციას კუსტარულად, ან სახლის პირობებში ამზადებენ, უფრო დიდი თანხა დასჭირდებათ: მათ ჯერ სტანდარტების შესაბამისი საწარმო უნდა მოაწყონ და შემდეგ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობაც დანერგონ. წვრილი ფერმერები ამას ვერ შეძლებენ. თუმცა, მათ აქვთ გამოსავალი - წვრილი ფერმერული მეურნეობები კოოპერატივში უნდა გაერთიანდნენ. კოოპერატივის დასაფუძნებლად  საჭირო ფინანსური რესურსის მოძიება რამდენიმე გზით შეიძლება: არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო პროექტებიდან, ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან. ამ პროგრამების საშუალებით წვრილ ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაერთიანდნენ და თანამედროვე სტანდარტების საწარმო შექმნან.
 
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტის დანერგვისთვის ვადა გვაქვს 2020 წლამდე. HACCP-ის დანერგვას ევროკავშირთან ერთად გათვითცნობიერებული მომხმარებელიც ითხოვს. ასეთი მომხმარებელი ამბობს, რომ  რადგან საკმაოდ დიდ თანხას იხდის მაღალი რისკის შემცველ ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა ხორცი და ყველი, სულ მცირე იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს, რომ უსაფრთხო პროდუქტს ყიდულობს. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა მეწარმემ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად ასეთი რამ გააკეთა:  რძის ტემპერატურის გასაზომად ცხელ რძეში თერმომეტრი ჩაყო. თერმომეტრი გატყდა და ვერცხლისწყალი რძეში  ჩაიღვარა. ამ რძისგან მომზადებული ყველი მეწარმემ აგრარულ ბაზარზე გაიტანა. მაშინ ამის გამო ძალიან დიდი ამბავი ატყდა, რადგან ბავშვი, რომელმაც ვერცხლისწყლით დაბინძურებული ყველი შეჭამა, სიკვდილს ძლივს გადაურჩა. 
 
იმისთვის, რომ საფრთხე სხვა მომხმარებლებსაც არ შექმნოდათ, საჭირო იყო ამ პროდუქციის მთლიანი პარტიის ამოღება და განადგურება, მაგრამ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა - ადამიანმა, რომელმაც ყველი აგრარულ ბაზარზე მანქანის საბარგულით ჩაიტანა, არ იცოდა ვერცხლისწყლით დაბინძურებული ყველი კონკრეტულად ვისგან იყიდა. იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ, ქვეყანაში უვნებელი და უსაფრთხო პროდუქცია უნდა გვქონდეს. 
 
- როდის შევძლებთ რძის, ან ხორცის პროდუქტების ევროკავშირის  ბაზარზე გატანას?
 
- მაღალი რისკის შემცველი პროდუქტები - ყველი, ხორცი და რძის პროდუქტები რომ ევროკავშირის ბაზარზე შევიტანოთ, ამისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდება. ძალიან ბევრი ღონისძიებაა გასატარებელი. პირველ რიგში, საქართველო პირუტყვის ჯანმრთელობის მხრივ სანდო ქვეყანად უნდა იყოს აღიარებული.  სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის. სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირთან ერთად არაერთ ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ეს პრობლემა დარეგულირდეს. თუმცა, ეს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გასაკეთებელი საქმე არ არის. ამაზე მთელი სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. 
 
საქონლის ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ სხვა პრობლემასთან არის გადაჯაჭვული. მაგალითად, ბევრი ფერმერი სიდუხჭირის გამო სოციალურად დაუცველი მოქალაქის სტატუსით სარგებლობს და სახელმწიფოსგან შესაბამის დახმარებასაც იღებს. ასეთ ფერმერს მხოლოდ ერთი სული მსხვილფეხა საქონლის ყოლის  უფლება აქვს. არის შემთხვევები, როდესაც ფერმერს ჰყავს სამი და ოთხი სული საქონელი, მაგრამ იმისთვის, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნას, საქონელს მალავს. იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ საქონელი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ აცრა, მაგრამ ფერმერებმა საქონელი მაინც დამალეს. რა მივიღეთ შედეგად? აიცრა ერთი სული საქონელი, დაბრუნდა იქ, სადაც  აუცრელი და დაინფიცირებული საქონელი იყო და ისევ დაავადდა. დაზარალდა ფერმერი, რომელსაც ისევ ინფიცირებული საქონელი ჰყავს და სახელმწიფოს მიერ გაწეული შრომა და თანხაც წყალში ჩაიყარა.
 
- რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ფერმერებმა საქონელი არ დამალონ?
 
- ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს იმ სისტემას, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა შეფასება ხდება. მე მაგალითად, ვეცდებოდი, რომ იმ ფერმერებისთვის, რომლებიც სოციალური დახმარებით სარგებლობენ, პროფესიული გადამზადების ცენტრებში კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიმეცა.  განათლების ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს. ამის გამოა, რომ ადამიანები ვერ საქმდებიან. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. არ გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელობის შესაბამისი ცოდნა. სწავლის მოტივაციას შევუქმნიდი ფერმერებს. გარდა ამისა, იმისთვის, რომ არ დამალოს საქონელი, ერთის მაგივრად ორი სული მსხვილფეხა საქონლის ყოლის უფლებას მივცემდი.  
 
ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანების ინფორმირებაა. მათ უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მათ სოციალური სტატუსი მოუხსნას, ან გადასახადით დაბეგროს, არამედ  იმისთვის, რომ მათ სამომავლო განვითარების საშუალება მისცეს. პირველი, რასაც გავაკეთებდი, იქნებოდა ის, რომ  სოციალურად დაუცველთა ბაზაში ფერმერს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიყვანდი, თუ ის გადამზადების კურსებს გაივლიდა. გადამზადებული ადამიანი რამდენიმე წელში აუცილებლად დასაქმდება. არც სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, რომ ფერმერებს მუდმივად ეხმარებოდეს. 
 
- რა პრობლემა შეიძლება შეექმნას საქართველოში ინვესტორს, ან მეწარმეს იმ შემთხვევაში, თუ ის რძის მსხვილი გადამამუშავებელი კომპლექსის  შექმნას გადაწყვეტს?
 
- რძის გადამამუშავებელი საწარმო ვერ იარსებებს პირველადი წარმოების გარეშე. შესაბამისად, ჯერ მაღალპროდუქტიული პირუტყვი უნდა გყავდეს. ასეთი პირუტყვი რომ გყავდეს, უნდა გქონდეს საკვები ბაზა, რადაგან ძროხა იწველება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სწორად შერჩეული საკვები რაციონი მიეწოდება. საკვები მიწაზე უნდა მოიყვანო. როდესაც ქვეყანაში არ არის ჩატარებული აღწერა, არ ვიცით, რომელი მიწა ეკუთვნის სახელმწიფოს  და რომელი კერძო მესაკუთრეს და მიწა ძალიან პატარა ნაკვეთებად არის დანაწევრებული, დიდი ინვესტიციების მოზიდვა ძალიან რთულია. 100 სულ ძროხას საძოვარისთვის დაახლოებით 100 ჰა. მიწა სჭირდება. შესაძლებელია, საქონელი გყავდეს ბაგურ კვებაზე, მაგრამ ეს ძალიან  აძვირებს შემდეგ რძის თვითღირებულებას.  
 
ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება უცხოელი ინვესტორი მიწის ყიდვის დროს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დამაბრკოლებელი ფაქტორია. ისინი თვლიან, რომ ბიზნესში დიდი ინვესტიცია უნდა ჩადონ. 100-სულიანი ფერმის მოწყობას 1-1,5 მლნ ლარის ინვესტირება სჭირდება.  100-სულიანი ფერმა კონკურენტუნარიანი არ არის. მომგებიანი ბიზნესი რომ გააკეთო, ფერმაში 100 სულზე ბევრად მეტი საქონელი უნდა გყავდეს. ინვესტორი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიციის ჩადების სურვილი ექნება, მიწის დარეგისტრირებისას პრობლემას არ უნდა აწყდებოდეს. დღეს ეს პრობლემაა. 
 
- ქართველი ინვესტორისთვის იმავე მიწების კუთხით რა არის დამაბრკოლებელი ფაქტორი?
 
- 100 000 ფერმერი გვყავს, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ გახდნენ ფერმერები. მათ აქვთ  შევარდნაძის ხელისუფლების დროს გაცემული საბუთები, რომ ესა თუ ის მიწის კონკრეტული ნაკვეთი არის მათი საკუთრება. ეს მიწები რეგისტრირებული არ არის. იყო შემთხვევა, როდესაც მიწა აზომეს, გაიტანეს აუქციონზე, გაყიდეს და შემდეგ გაირკვა, რომ  ამ მიწას მესაკუთრე ჰყავდა. ისინი არ არეგისტრირებენ მიწას იმიტომ, რომ ამ პროცესს თანხა სჭირდება. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ საბუთი, რომელიც  აქვთ, ძალაშია და ზედმეტი თანხა აღარ უნდა დახარჯონ. რეალურად ეს ასეც უნდა იყოს. 
 
სახელმწიფომ უნდა დაასრულოს მიწების კადასტრის და რეგისტრაციის პროცესი.  მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ არაკეთილსინდისიერმა ფერმერებმა მიწებს კატეგორია შეუცვალეს. იმის გამო, რომ  საძოვარი უფრო იაფია, ვიდრე სახნავ-სათესი,  სახნავ-სათესი მიწა გადაიყვანეს საძოვრის კატეგორიაში. დღეს ჩვენ არ ვიცით, რეალურად რამდენი სახნავ-სათესი მიწა და საძოვარი გვაქვს საქართველოში. 
 
- მოჯადოებულ წრეს ჰგავს მთელი ეს ვითარება, რამ შეიძლება გაჭრას სოლი? 
 
- ძალიან სერიოზულმა რეფორმებმა, რომლებიც ალბათ, ძალიან მტკივნეული იქნება მოსახლეობისთვის, მაგრამ ხელს შეუწყობს მათ სამომავლო განვითარებაში. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ხალხს მიწის აღრიცხვის პროცესში. მაგალითად, მიწის რეგისტრაცია გახადოს უსასყიდლო. აამოქმედოს პრინციპი -  „რაც ჩემია, ჩემია“ . მესაკუთრეს უფლება ექნება, მის სახელზე დარეგისტრირებული მიწა გაყიდოს, ან ამ მიწის მეშვეობით კოოპერატივში გაწევრიანდეს. მიწების დაურეგისტრირებლობა არის ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც  ხელს უშლის საქართველოში კოოპერატივების განვითარებას. 
 
- რა პერსპექტივა აქვს ახალი სტანდარტების დამკვიდრების პროცესში იმ გლეხს, რომელიც პროდუქციას სახლის, ან კუსტარულ პირობებში აწარმოებს? 
 
- ჩემი აზრით, მათთვის უფრო მომგებიანი იქნება, რომ რძე ბიზნესოპერატორებს ჩააბარონ. ფერმერი ზუსტად იმ თანხას ღებულობს რძეში, რა თანხადაც  საბოლოო პროდუქტს, ანუ ყველს ჰყიდის. თუ დათვლის, ნახავს, რომ ყველის მომზადება ტრანსპორტირების, კვეთის, ელექტროენერგიის, ან გაზის ფასის ჩათვლით ზუსტად იგივე თანხა უჯდება, რა ფასადაც ბიზნესოპერატორები ნედლ რძეს იბარებენ. 
 
ერთი გამოსავალი არის ის, რომ რეგიონში არსებულ რძის გადამამუშავებელ ქარხანას ჩაბარონ თავიანთი რძე და მეორე გამოსავალი არის ის, რომ წვრილი ფერმერები გაერთიანდნენ და ერთობლივად, თვითონ ჩამოაყალიბონ საწარმო, თვითონ იყვნენ ამ საწარმოს ხელმძღვანელები და მაღალი ხარისხის, უვნებელი პროდუქცია აწარმოონ. ამის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება, რომ საკუთარი პროდუქცია არა მხოლოდ აგრარულ ბაზარში, არამედ სუპერმარკეტებშიც შეიტანონ. მესამე  გამოსავალი არის ის, რომ ისევ თავად აწარმოონ პროდუქცია, ოღონდ დაიცვან ჰიგიენურ- სანიტარული ნორმები, რაც სულაც არ არის რთული.
 
- თქვენ ხშირად ხვდებით წვრილ ფერმერებს. არიან თუ არა ისინი ინფორმირებულნი  სამომავლო ცვლილებების შესახებ?
 
- ვერ გეტყვით, რომ ინფორმირებულები არიან. მათთვის ინფორმაციის მიწოდება ძალიან რთულია. ინფორმაცია ძირითადად ვრცელდება მასმედიის საშუალებებით და ტელევიზიით. ფერმერი, რომელიც ძირითადად მთაში, ან ველზეა გასული, ტელევიზორს ნაკლებად უყურებს. უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელით. მართალია, რეგიონებში არის ინტერნეტი, მაგრამ ფერმერთა დიდი ნაწილი ასაკის გამო სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის. როდესაც რეგიონებში ხდება შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულია ამ საინფორმაციო კამპანიაში, ფერმერებამდე ხმა მაინც არ მიდის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ფორმით ვრცელდება ინფორმაცია. გამოცდილებით ვიცი, რომ ტრენინგების დროს მოყოლილი რაიმე  ისტორია მესამე პირამდე სრულიად სახეშეცვლილი ფორმით აღწევს. აუცილებელია, რომ ინფორმაციის მიწოდება პირველწყაროსგან ხდებოდეს, და არა მესამე წყაროდან, რომელმაც ამბავი თავისებურად გარდაქმნა.  
 
მოსახლეობას მთელი ქვეყნის  მასშტაბით უნდა ავუხსნათ,  რა არის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და რას გულისხმობს საფრთხის ანალიზისა  და კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობის სტანდარტი, რომლის დანერგვასაც 2015 წლის პირველი იანვრიდან ვიწყებთ. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას. 1000 წევრი ფერმერი გვყავს ასოციაციაში და ჩვენი გზებით და ქსელის მეშვეობით  ვავრცელებთ ამ ინფორმაციას, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ქვეყანაში 800 ათასი ფერმერია. ინფორმაცია ყველა მათგანამდე უნდა მივიდეს. არსებობს ინფორმაციის მიწოდების ბევრი მექანიზმი. შესაძლოა,  ეს ინფორმაცია მივაბათ გაზის, ან დენის ქვითარს და გაზის და დენის მიმწოდებელმა კომპანიებმა ფერმერებს ქვითრებთან ერთად საინფორმაციო ბროშურებიც მიუტანონ. ფერმერი ბროშურას თუ არ წაიკითხავს, სახელმწიფოს ის მაინც ეცოდინება, რომ მასთან ინფორმაცია დაუმახინჯებლად მივიდა. 
 
- ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ რას დაუწერდით ფერმერებს, რა არის მასში მათთვის კარგი, ან ცუდი?
 
- ვერ გეტყვით, რომ ამ ხელშეკრულების შედეგს მეწარმე მალე დაინახავს, რადგან მას დაცული უნდა ჰქონდეს ყველა ის ნორმა და სტანდარტი, რასაც ევროკავშირი ითხოვს. ვფიქრობ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან კარგია. კარგია ის, რომ უნდა აწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი გახდეთ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების შემდეგ შესაძლოა, საქართველოში ბევრი ინვესტიცია შემოვიდეს. ინვესტიციების ზრდასთან ერთად გაიზრდება ტურისტების რაოდენობაც. შესაბამისად, გაიზრდება პირველადი წარმოების პროდუქციის მოხმარება - ფერმერი მიხვდება, რომ ის  ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.  
 
გარდა ამისა, შესაძლებელია, ბევრმა ადამიანმა დაინახოს, რომ  ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის გამო მას სხვა საწარმოებთან კონკურენცია გაუჭირდება, პროფესიული გადამზადება  გაიაროს, სხვა სფეროში დასაქმდეს და თვითწარმოებაზე დამოკიდებული აღარ იყოს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მოგვცემს საშუალებას, რომ რეგიონებში ბევრი სხვადასხვა საწარმო შეიქმნას. შესაბამისად, მუშახელიც იქ დასაქმდება და რეგიონიდან მიგრაცია შემცირდება. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ფერმერები უნდა იყვნენ და რომელთაც ამის რესურსი აქვთ, დღეს ბაზრობებზე დგანან, რადგან სოფლის მეურნეობა მომგებიან ბიზნესად არ მიაჩნიათ. სწორად მიწოდებული ინფორმაცია მათ ახალი პროცესების პერსპექტივას დაანახებს.  
 
2007 წელს წავედი რეგიონში და ჩემს პარტნიორთან ერთად რძის გადამამუშავებელი და პირუტყვის საკვების მწარმოებელი საწარმო გავაკეთე. გვაქვს ფერმა, სადაც 70 სული საქონელი გვყავს.  გამოვიყენეთ ხელოვნური განაყოფიერება და წველის ციკლი შევცვალეთ. გვაქვს ხელოვნური ტბა, ვაშლის ბაღი  და სასწავლო ცენტრი ფერმერებისთვის, სადაც ისინი უსასყიდლოდ სწავლობენ. ახლა ვაპირებ, რომ მოსახლეობიდან ნაკელი ჩავიბარო და მეურნეობაში ბიოსასუქი გამოვიყენო. მინდა ქართული ყველის ტრადიციის განახლება. საქართველო ცნობილია, როგორც ღვინის ქვეყანა, მაგრამ ქართულ ყველსაც დიდი ისტორია აქვს. 80 სახეობის ყველი გვაქვს. მინდა ტენილი და ჩეჩილი ყველის წარმოება დავიწყო და მას შემდეგ, რაც ყველის ამ სახეობებს ევროკავშირი აღიარებს, ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გავიტანო. 


წყარო

თარიღი

06.07.2018