Logo

მეტი კონტროლი სურსათის უვნებლობისთვის

მეტი კონტროლი სურსათის უვნებლობისთვის

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უკვე დაასრულა მუშაობა კოდექსზე, რომელიც  საკვების უვნებლობას, ვეტერინარიასა და მცენარეთა  დაცვას ეხება.  სააგენტოში ამბობენ, რომ კოდექსში მასშტაბური ცვლილებები შევიდა როგორც სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერების, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით. ცვლილებების პაკეტი გადაგზავნილია სამინისტროებში და მალე მისი განხილვა პარლამენტშიც დაიწყება. 

სურსათის უვნებლობის სუსტი სახელმწიფო კონტროლი, ჯანმრთელობისთვის საშიში საკვები პროდუქტების რეალიზაცია ბაზარზე, დაზარალებული მომხმარებელი და სურსათის მწარმოებლების მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის დაბალი მაჩვენებელი  ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყისში. შესაბამისად, 2010 წელს ევროკავშირის რეკომენდაციების საფუძველზე  სურსათის უვნებლობის ეროვნული სტრატეგია შემუშავდა. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოში წარმოებული სურსათის დაშვება ევროპულ ბაზარზე და ის მომხმარებელთა უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას ნაკლებად ითვალისწინებს. 

 „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ მთავარი პრობლემა მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული საკვები პროდუქტებია. განსაკუთრებით ხშირია  ნახევარფაბრიკატებსა და ხორცპროდუქტებში აღმოჩენილი კოლიბაქტერიები,  რასაც  მწარმოებლის მხრიდან ჰიგიენური ნორმების  დაღვევა იწვევს. შესაბამისად არ არის გარანტირებული საკვების უვნებლობა. 2011 წლის სექტემბრიდან ორგანიზაცია  მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე საკვებ პროდუქტებს ამოწმებს. საჩივრის მიღების შემდეგ, მითითებული მაღაზიიდან   კონკრეტულ პროდუქტს ყიდულობს და  ლაბორატორიაში მიკრობიოლოგიურად ამოწმებს. თუ დარღვევა აღმოჩნდა, ამის შესახებ წერილობითი ინფორმაცია, როგორც მეწარმეს, ასევე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც ეგზავნება. 

სურსათის უვნებლობის კონტროლი სურსათის ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა, თუმცა მისი  კონტროლის მასშტაბები, სურსათის წარმოებაში და გაყიდვაში ჩართული მეწარმეების რიცხვთან შედარებით, ძალიან მცირეა. როგორც „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ თანამშრომელი ვახტანგ კობალაძე ამბობს, 2012 წელს სურსათის ოპერატორების რეგისტრირებული რაოდენობიდან მხოლოდ 0.8% შემოწმდა, რაც  მიზერული ციფრია.

„მაგალითად, ამერიკაში რამდენიმე მაკონტროლებელი ორგანოდან, 2011 წელს მარტო ერთმა მაკონტროლებელმა სურსათის ადგილობრივი ოპერატორების 6%-ს ჩაუტარა შემოწმება. ბუნებრივია, ეს  დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული მაგრამ ისეთი საკითხია, რომ  სახელმწიფომ უნდა გაიმეტოს ამისთვის რესურსები, რადგან უშუალოდ ჩვენს ჯანმრთელობას ეხება.“

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილებით, სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტად სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფა დასახელდა. პროგრამის მიხედვით, ლაბორატორიული კვლევების შედეგების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მაღალია დარღვევები გამოკვლეული სასმელი წყლის სინჯებში, ცხოველური წარმოშობის სურსათში, მზა კერძებსა და კულინარიულ ნაწარმში. შესაბამისად, სახელმწიფო გეგმავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვას. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციტივით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი მოამზადა. პროექტის მომზადებაში სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ.

„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ ერთ-ერთი იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომელმაც ჯგუფს რეკომენდაციები მიაწოდა. ცამეტი რეკომენდაციიდან ძირითადი სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას და რისკის ანალიზის სისტემის გაუმჯობესებას ეხებოდა.

„რისკის ანალიზი კონტროლის განხორციელების საფუძველია. ჯერ უნდა შეფასდეს ბაზარზე არსებული რეალური რისკები _ რა სახის სურსათიდან მოდის რისკები, როგორ პირობებშია სურსათი და ა.შ. ეს ყველა ქვეყანაში ძალიან სერიოზული და მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული პროცესია. უნდა შემუშავდეს კონკრეტული წესები და პირობები, რათა შევაფასოთ რისკები, ხოლო შემდგომ, ამის საფუძველზე გაიწეროს კონტროლის სხვა მექანიზმები,“- ამბობს ვახტანგ კობალაძე.

სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის კახა სოხაძის თქმით, კოდექსში მასშტაბური ცვლილებები შევიდა და ამ სფეროს რეგულირება გაცილებით უფრო მკაფიოდ გაიწერა.  კოდექსში შესული ცვლილებები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება, რომელიც რისკის ანალიზს და  კონტროლის ეფექტურ მექანიზმს გულისხმობს.

„თუკი არსებული პოლიტიკა არ იყო ქმედითი, ახლა მიდგომები შეიცვალა, სურსათზე სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება. ეს პირდაპირ კავშირშია ადამიანების სიცოცხლის დაცვასთან, რაც უზენაესი კონსტიტუციური უფლებაა“, _ ამბობს სოხაძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, როგორც გეგმიურ ისე არაგეგმიურ ინსპექტირებას მოიცავს. გეგმიური შემოწმების მიხედვით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მტკიცდება, სადაც გაწერილია შესამოწმებელი ბიზნესოპერატორების რაოდენობა და იმ სურსათის დასახელება, რომელიც სახელმწიფომ მიმდინარე წელს უნდა გამოიკვლიოს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც 2014-2017 წლებს მოიცავს, სურსათის მწარმოებელი 17 800 ბიზნესოპერატორის შემოწმებაა გათვალისწინებული. ასევე,  დაგეგმილია 23 680 სხვადასხვა დასახელების სურსათის ნიმუშის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში კვლევა.

რაც შეეხება არაგეგმიურ შემოწმებას, სააგენტოს შეუძლია მხოლოდ მომხმარებლის შეტყობინების საფუძველზე  ჩაატაროს  არაგეგმიური შემოწმება.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კოდექსში შევიდა ეტიკეტირების წესის დარღვევის და მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. კახა სოხაძის თქმით, ეს ცვლილება  მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის კარგი მექანიზმია, რადგან  ყველა  კონკრეტულ შემთხვევაზე  პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და  მეწარმე დაჯარიმდება.

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, კერძო საინსპექციო ორგანოების დაშვებას ეხება. არსებული კანონმდებლობა ასეთი ორგანოების არსებობას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვითაც კანონში ეს  ნორმა  რჩება. „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში“ მიიჩნევენ, რომ ეს არაეფექტური მექანიზმია და ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის რისკიც არსებობს. რადგან კერძო საინსპექციო ორგანომ პირადად უნდა გაუფორმოს ხელშეკრულება ბიზნესოპერატორს რომელსაც შეამოწმებს. ამიტომ  ორგანიზაციის პოზიციაა, რომ ეს ნორმა ახალ კოდექსში დაიხვეწოს.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კი თვლიან, ეს არ მოდის წინააღმდეგობაში ევროპულ პრაქტიკასთან.

კოდექსზე მუშაობა არ იყო დასრულებული, როდესაც პარლამენტში შევიდა ინიციატივა ამავე კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივის  ავტორი  დეპუტატი კობა დავითაშვილია. დეპუტატი სასაკალოს გარეთ სარეალიზაციოდ გამზადებული ცხოველის დაკვლის ლეგალიზაციას ითხოვს. დავითაშვილის თქმით, ცხოველის სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება უნდა გაუქმდეს და ადგილზე ცხოველის დაკვლის პროცესზე ზედამხედველობა ბიზნესოპერატორსა და ვეტერინარს  შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე  განხორციელდეს.

„ქვეყანაში სასურსათო პროდუქციას წვრილი გლეხური მეურნეობები აწარმოებენ. ხორცს სწორედ ასეთი მეურნეობები აწვდიან ბაზარს. პრაქტიკულად ეს ბაზარი მაინც არსებობს, არალეგალურად. სასაკლაო კი ისეა მოწყობილი რომ ორიენტირებულია მსხვილ ფერმერულ მეურნეობაზე,“ _ ამბობს დავითაშვილი. 

მისი თქმით, ცხოველის ადგილზე დაკვლის დაკანონებით მოგებული დარჩება როგორც გლეხი, ისე მომხმარებელი და წვრილი მეწარმე. გარდა ამისა,  ხორცი გაიაფდება, რადგან  თავის დროზე სასაკლაოებში პირუტყვის დაკვლის ვალდებულების გაჩენამ დიდ ქალაქებში ხორცის გაძვირება გამოიწვია.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ამგვარად დაკლული ცხოველის ხორცი შესაძლებელია საფრთხეს წარმოადგენდეს. რადგან საერთაშორისო მიდგომაა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე გამოტანილი ხორცი მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ცხოველისგან უნდა იყოს და  შემოწმების გარკვეულ პროცედურებს გადიოდეს.

„ცხოველი ჰიგიენის პირობების ზედმიწევნით დაცვით უნდა დაიკლას. შენახვისას და ტრანსპორტირებისას კი ტემპერატურის რეჟიმები უნდა დაიცვან. აქ საუბარია იმის შესახებ, რომ გლეხმა  ცხოველი ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ დაკლას. რთულია იმის თქმა, რამდენად იქნება აღნიშნული პირობები ასეთ გარემოში დაცული,“ - ამბობს  კახა სოხაძე.

ცვლილების ინიცირების შემდეგ, 15 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში განცხადება წარადგინეს, სადაც საუბარია, რომ ამ საკანონმდებლო ნორმის მიღება კიდევ უფრო გაზრდის ბაზარზე მავნე სურსათის  მოხვედრის საფრთხეს და სურსათით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკებს, რაც ისედაც  მწვავე პრობლემაა, სასურსათო ბაზრის რეგულირების სისუსტის გამო. ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს ღრმად შეისწავლოს საკითხი და ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ სპეციალისტთა ჯგუფს მისცეს საშუალება საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით.

სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის  მოწესრიგებასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამოქმედო გეგმაში წერია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სამი ლაბორატორიის მოწყობა იგეგმება. თუმცა, ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. სააგენტოში ამბობენ, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ლაბორატორიების აღჭურვა და მოწესრიგება დიდ თანხებს მოითხოვს.

“რამდენიმე დონორი ორგანიზაცია დაინტერესებულია და ამაზეც მიდის საუბარი. მნიშვნელოვანია მძლავრი ლაბორატორიული ცენტრის შექმნა რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს და სტანდარტებს უპასუხებს. ამისთვის მრავალპროფილური კვლევაა საჭირო” _ ამბობს კახა სოხაძე. 

 

წყარო

თარიღი

06.07.2018