Logo

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები ხუთ საწარმოში დაინერგება

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები ხუთ საწარმოში დაინერგება

თხილის სამ და ხილის ორ გადამამუშავებელ საწარმოში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტის, კერძოდ ISO 22000-ის დანერგვაა დაგეგმილი. პროექტი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, დღეს გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულებები, რომლის ფარგლებშიც, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო და დონორი ორგანიზაცია უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების დანერგვის ღირებულების 80%-ის თანადაფინანსებას.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა 

მორგოშიამ და USAID/REAP-ის დირექტორმა ლუიზა მანიჩეიშვილმა, საკონსულტაციო კომპანიების და საწარმოების დირექტორებმა.

”დახმარება ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების ISO22000:2005 დანერგვას; ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას.
შეთანხმების მიზანია გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციალის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები არამარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას”, - აცხადებენ სოფლის 

 

მეურნეობის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 12 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო 3 310 518 დოლარი, ასევე დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების - ჯამური ღირებულებით 3 839 482 დოლარი - საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება.

”სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას”, - აცხადებენ უწყებაში.
წყარო

თარიღი

06.07.2018