Logo

როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში

როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვაში

რეზო კაჭკაჭიშვილი: "რაც მეტი ინფორმაცია ექნებათ მეწარმეებს თანამედროვე სურსათის წარმოების სტანდარტებზე, მათ შორის HACCP-ზე, მით მეტი მეწარმე შეძლებს აწარმოოს უვნებელი პროდუქტი, რაც პოტენციურად ზრდის შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე დასამკვიდრებლად"

 

რეზო კაჭკაჭიშვილი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელია, რომელიც ახალციხის რაიონის სოფელ ურაველში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 220 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 45 წლის კაჭკაჭიშვილი საბერძნეთიდან საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა. 

სამშობლოში დაბრუნებულმა, დაზოგილი თანხით ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება არ ქონდა და მხოლოდ სოფლის მეურნეობის ტექნოლოგის დიპლომის ფლობდა, რძის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. 

თავდაპირველად საწარმო 60 კვმ-ზე იყო განთავსებული და ოთხი ადამიანი მუშაობდა. საწარმო დღეში 300 ლიტრ რძეს ამუშავებდა, რისგანაც ყველს, ხაჭოსა და ნადუღს ამზადებდნენ. დღეს კომპანიაში 25 ადამიანია დასაქმებული, რძეს რეგიონის ექვსი სოფლის ფერმერებისგან იბარებენ და ოთხი სახეობის ყველს და ნადუღს ამზადებენ, საფირმო სახელით „წიფორა-სამცხე“. 

კაჭკაჭიშვილი დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიზნესის განვითარებისთვის მას საწარმოში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტები უნდა დაენერგა. მიმდინარე წლის დასაწყისში, საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემა დანერგა, რომელიც მსოფლიოში აღიარებული საკვების ჰიგიენის მართვის სისტემაა, რითაც ხდება პოტენციური საფრთხეების წინასწარ გამოვლენა და მათი შემცირება ან პრევენცია წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. დღესდღეობით, HACCP-ის დანერგვა რძის გადამამუშავებელ საწარმოებში და სასაკლაოებზე სავალდებულოა. 

HACCP-ის სისტემის დასანერგად, კაჭკაჭიშვილი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო, რომელიც ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ევროკავშირი 14,6 მილიონი ევროთი აფინანსებს. პროგრამა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 

ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით, კაჭკაჭიშვილმა HACCP-ის სისტემა დანერგა, რომელიც დაეხმარა მის ბიზნესს სურსათის უვნებლობის და ხარისხის ეფექტური სისტემის უზრუნველყოფაში და საწარმოს მენეჯმენტის გაუმჯობესებაში. 

თუმცა მისი ძალისხმევა ყველამ არ დააფასა: „ყველის ჩამბარებელი ათი კომპანიიდან მხოლოდ ორმა გააცნობიერა ჩემი ნაწარმის უპირატესობა და იქ დამზადებული პროდუქტის, რომელიც ჰიგიენურ პირობებში იყო წარმოებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია არ იყო დამზადებული ისეთი ძროხის რძისგან, რომელსაც შესაძლოა ინფიცირებული იყოს“, - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა, – „დანარჩენმა რვა კომპანიამ ამჯობინა ყველი საოჯახო ფერმერული მეურნეობისგან ჩაიბაროს უფრო იაფ ფასად. ასეთი პროდუქტი შესაძლოა ისეთი ძროხის რძისგან იყოს დამზადებული, რომ საქონელს ვაქცინაციაც კი არ ქონდეს ჩატარებული, რაც ადამიანების ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის". 

იგი დარწმუნებულია, რომ მთავრობამ და დონორმა ორგანიზაციებმა ბევრად მეტი უნდა იმუშაონ საქონლის ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უპირატესობების წარმოჩენაზე, ისევე როგორც უსაფრთხო და სერტიფიცირებული პროდუქტის წარმოების პოპულარიზაციაზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მენეჯერმა, მიხეილ დოლაბერიძემ განმარტა, რომ ხარვეზები მართლაც ბევრია ამ სექტორში. იგი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის თანადგომით ბევრი პრობლემატური საკითხი გადაიჭრება. 

„ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მიზანია დავიცვათ ქართველი მომხმარებელი. დავნერგოთ და განვავითაროთ ევროპული დონის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის სტანდარტები“, -განაცხადა დოლაბერიძემ. 

დოლაბერიძის თქმით, პროგრამის პირველი ფაზის პერიოდში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს არსებულ შენობას, აღიჭურვა შესაფერისი კომპიუტერული ტექნიკით და სხვა საჭირო ნივთებით, რამაც უზრუნველყო თანამშრომელთა გამართული მუშაობა, როგორც საკვების ინსპექტირების, ისე ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართლებით. მოგვიანებით, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქუთაისის რეგიონულ ოფისს. ასევე, დამატებით აშენდა ორი რეგიონული ოფისი და ამჟამად მიმდინარეობს დამატებით ხუთი ოფისის მშენებლობა. 

ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამა, ცდილობს სურსათის ეროვნული სააგენტოსოს შესაძლებლობების გაზრდას საჭიროებებზე დაფუძვნებული ტრენინგების და გაცვლით პროგრამების საშუალებით. ასევე, ეხმარება სააგენტოს თანამშრომლობის გაღრმავებაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასურსათო ორგანიზაციებთან. ამასთნ, პროგრამის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლებისთვის შეიძინეს საჭირო აღჭურვილობა, კერძოდ სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის გასაძლიერებლად. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი დარწმუნებულია, რომ ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) სარგებელი არის „მეტად დაცული მომხმარებელი და მეტად ინფორმირებული ბიზნესი“ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე. 

„ჩვენ გვაქვს ამბიცია, მოვახდინოთ ჩვენი სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციამ ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება შეძლოს და კონკურენტუნარიანი იყოს. DCFTA-ს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საკუთარი სანიტარული და ფიტოსანიტარული, ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა. რეფორმირების პროცესი იქნება შესაძლებლობა იმისა, რომ ქართული სასურსათო პროდუქცია გავხადოთ უფრო უსაფრთხო, რადგან ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტები არის უმაღლესი და უმკაცრესი. ყოველივე ამაში კი მხარდაჭერას გვიცხადებს თავად ევრტოკავშირი,“ – განაცხადა ჩეკურაშვილმა. 

ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის საერთაშორისო ექსპერტი ჰენდრიკ კუსკი, რომლის ძირითადი მოვალაობაა საქართველოში ეფექტური სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის კონტროლის სისტემის ჩამოეყალიბებაში მხარდაჭერა, ამბობს რომ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარი გამომწვევა აგროწარმოების გარდაქმნაა საერთაშორისო სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების შესაბამისად, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის ბაზრის მიერ.

„ასევე გამოწვევა იქნება ის, განვსაზღვროთ სოფლის მეურნეობის რომელი ქართული პროდუქტი იქნება მიმზიდველი ევროკავშირის ბაზრისთვის", – განაცხადა კუსკმა. 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამბიციური მიზნები დაისახა, კერძოდ ორგანიზაციის ტრანსფორმირება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ფუნქციონალურ საჯარო უწყებად ქვეყანაში. ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა 2012 წლის შემდეგ. 

წყარო

თარიღი

06.07.2018