ხორცპროდუქტების კომპანია “ივერია” ISO 22000 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. საერთაშორისო სერტიფიკატი ორგანიზაციისა და საწარმოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემისადმი მოთხოვნებს აღწერს და კომპანიის პროდუქცია მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
როგორც გადაცემა “ბიზნესკოდთან” კომპანიის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძე განმარტავს, კომპანია ახალ შენობაში გასული წლის ოქტომბრიდან გადავიდა და მაშინვე დაიწყო სამზადისი საერთაშორისო სერტიფიკატის მისაღებად. მისივე თქმით, კომპანიამ დანერგა სურსათის ხარისხისა და უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემა (HACCP), კომპანიაში TUV-მა ჩაატარა აუდიტი, რომელიც “ივერიამ” წარმატებით გაიარა.
სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შედეგად კომპანიაში ბიზნესის განვითარება, პროდუქციის წარმოება-მიწოდება ხარისხიანი და ეფექტური ხდება, შესაბამისად, წარმოების ჯაჭვი ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტამდე მკაცრ კონტროლს გადის.
“ივერია” ამ დროისთვის 60-მდე სახეობის პროდუქციას აწარმოებს და კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლო მომავალში საწარმოს გაფართოებაში ინვესტირება იგეგმება და ბაზარზე კომპანიის ახალი ბრენდებიც გამოჩნდება.
“საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ხორცისგან წარმოებული პროდუქტების თერმული დამუშავებაა, რაც აუცილებლად 74°-ზე უნდა ხორციელდებოდეს. პროდუქციის შესაბოლად კომპანია მხოლოდ ნატურალურ ბოლს იყენებს, რისთვისაც შესაბამისი აღჭურვილობა გაგვაჩნია, რომელიც ევროპის ქვეყნიდან არის შემოტანილი”, – განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ კომპანია “ივერია” ბაზარზე 2014 წლიდან გამოჩნდა. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ქამუშაძეა, რომელმაც თავისი წილი თავის დროზე ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია ”მითანაში” გაყიდა და საკუთარი წარმოება გახსნა. საწარმო ძეხვეულსა და ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. კომპანიამ გაფართოება შარშან “აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში შეძლო.
ყველა უფლება დაცულია