ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) არჩევნების მართვის სფეროში ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 სერტიფიკატი მიიღო.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი საარჩევნო ადმინისტრაციაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რომელიც აღნიშნული სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
2019 წლის 28 მაისს ორგანიზაციამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის სასერტიფიკაციო აუდიტი, რომელიც ჩაატარეს საერთაშორისო სააკრედიტაციო გერმანული ორგანიზაციის „ტუვ ზუდის“ (TÜV SÜDDEUTCHLAND AG (TÜV SÜD)) წარმომადგენლებმა. აღნიშნული აუდიტის შედეგად დადასტურდა, რომ ცესკოს ხარისხის მართვის სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოთხოვნებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის სექტემბრიდან ორგანიზაცია „მენეჯმენტის სისტემებთან“ თანამშრომლობით, რომელიც საერთაშორისო სააკრედიტაციო გერმანული ორგანიზაციის “ტუვ ზუდის” ექსკლუზიური ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, მუშაობდა საერთაშორისო სტანდარტთან ISO 9001:2015 შესაბამისობაზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ცესკომ შეიმუშავა და დანერგა ხარისხის მართვის სისტემა რომლის მიზნებია მაღალი სტანდარტებით არჩევნების მართვა და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა.
ცესკო კიდევ ერთ წარმატებას ულოცავს კომისიის წევრებს, საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას უხდის მათ საერთაშორისო სტანდარტის - ISO 9001:2015 მოპოვების პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
ყველა უფლება დაცულია