საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი. ასევე გონივრულ ვადაში მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
სამუშაოს წარმოებისას უბედური შემთხვევების სიხშირე მოქმედი საკანონმდებლო სისტემის არაეფექტურობაზე მეტყველებს. სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხო გარემოს მონიტორინგზე პასუხისმგებელი ეფექტიანი მექანიზმი ჯერაც არ არსებობს და საჭიროა, პარლამენტმა და მთავრობამ დაუყოვნებლივ იმოქმედოს. 2016 წლის მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის შექმნა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, 2015 წლიდან ფუნქციონირებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც, შესაბამისი მომართვის საფუძველზე შეუძლია ობიექტის ინსპექტირება, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში – ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირსისთვის წერილობითი რეკომენდაციის მიცემა. უწყების ინფორმაციით, 2015-2017 წლებში ინსპექტირება 313 კომპანიის 551 ობიექტზე განხორციელდა. ეს ანგარიშები გასაჯაროებას არ ექვემდებარება. დეპარტამენტმა შემდეგი სახის დარღვევები აღმოაჩინა: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობა, ელექტროუსაფრთხოების გაუმართაობა, ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა და/ან გაუმართაობა, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობა, მომეტებული საწარმოო ხმაური, მომეტებული მტვერი და სხვა. ას ობიექტზე რემონიტორინგით აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები სრულყოფილად გაითვალისწინა 14%-მა, ნაწილობრივ – 67%-მა, ხოლო 19%-მა რეაგირება არ მოახდინა. დამსაქმებელს უბედური შემთხვევის შესახებ დეპარტამენტის ინფორმირებას კანონი არ ავალდებულებს. თავისი არსებობის განმავლობაში დეპარტამენტმა 20-მდე კომპანიის 150-მდე თანამშრომლისთვის ტრენინგი ექვსჯერ ჩაატარა. უწყების ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს მასშტაბით, სამუშაოს შესრულებისას დაშავდა 3 და დაიღუპა 9 ადამიანი, ხოლო 2017 წელს 13 ადამიანი დაშავდა და 11 ადამიანი გარდაიცვალა. იმავე წყაროზე დაყრდნობით, ანალოგიურ პერიოდში, ბათუმში 3 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. აღნიშნული მონაცემები ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ განსხვავდება ფაქტ-მეტრისთვის შსს-ს მიერ მოწოდებული მაჩვენებლებისგან.
ფაქტ-მეტრმა შსს-დან გამოითხოვა მონაცემები, აჭარაში სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის რამდენ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება 2012-2017 წლებში. უწყების ინფორმაციით, 240-ე მუხლით გამოძიება დაწყებულია 163 ფაქტზე, საიდანაც 97 საქმეზე შეწყდა სსსკ 105 – 1 მუხლის „ა“ და „ვ“ პუნქტებით, რაც ითვალისწინებს, შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობას; ამნისტიის აქტს, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
ცხრილი 1: სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით, 2012-2017 წლები
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბათუმში მიმდინარე მშენებლობების მონიტორინგს მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს. ჩვენ დავინტერესდით, უსაფრთხოების წესების დარღვევის რამდენი შემთხვევა აღმოაჩინა სამსახურმა 2012-2017 წლებში. მიღებული ინფორმაციით, ასეთი ფაქტი სულ ას ოც ობიექტზე დაფიქსირდა. 94 შემთხვევაში საქმის წარმოება დასრულებულია. ოცდათხუთმეტი კომპანია დაჯარიმებულია 500-500 ლარით, აქედან ჯარიმა გადაიხადა ოცმა; სამს განმეორებით დაეკისრა 1 000 ლარის ჯარიმა; საურავის სახით 1 000 ლარი დაეკისრა ერთს, ხოლო 500 ლარი – ათ კომპანიას. 1 500-ლარიანი სამმაგი ჯარიმა ორჯერ დაეკისრა ორ კომპანიას, შპს „ნიუბილდინგ 2012“ და შპს „ვესტა აპარტამენტს“, ხოლო ერთხელ – შპს „დს გრუპს“. ეს საქმეები გადაგზავნილია აღსრულებაში. ექვს შემთხვევაში საქმე გასაჩივრებულია.
2017 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს აწესებს. მისი შესრულების კონტროლი, უფლებამოსილების ფარგლებში, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესაბამისმა ორგანოებმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა უნდა განახორციელონ. სამშენებლო მოედნებზე ახალი რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს. გარდა ინდივიდუალური თუ კოლექტიური დაცვის საშუალებებისა, აუცილებელია, რომ სიმაღლეზე მომუშავე ყველა თანამშრომელს გავლილი ჰქონდეს შესაბამისი სწავლება, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლო მოდულებს ეფუძნება. ეს მუხლი ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან უნდა შევიდეს. უზრუნველყოფს, თუ – არა შრომის უსაფრთხოების ეფექტურ დაცვას ახალი ტექნიკური რეგლამენტი, ძნელი სათქმელია, რადგან ზედამხედველობის უფლებამოსილება იმ უწყებებს ენიჭებათ, რომლებსაც ეს ფუნქცია მანამდეც ჰქონდათ. შრომის დეპარტამენტი ამ ეტაპზე კვლავ სარეკომენდაციო ფუნქციით შემოიფარგლება. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე გათვალისწინებულია ასევე ერთობლივი მონიტორინგი რამდენიმე უწყების მიერ. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმი კანონით ისედაც არსებობდა, პრობლემას სწორედ მის შესრულებაზე კონტროლი წარმოადგენს.
ყველა უფლება დაცულია