საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტში მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. განიხილავენ შრომით სფეროებს, რომლებშიც კრიტიკული მდგომარეობა შეინიშნება და სახელმწიფოს ჩარევაა აუცილებელი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო აპირებს, შრომითი უფლებების დაცვაზე დისკუსია გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
„საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.
შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი.
აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოებისა და ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა. შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ. ამდენად, მნიშვნელოვანია ,დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.
ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, - წერია განცხადებაში.
ყველა უფლება დაცულია