Logo

,,შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა"

,,შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებაა.

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების დაცვის შესახებ. ეს არის შრომითი საქმიანობის ის სფეროები, სადაც მდგომარეობა კრიტიკულია და სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს.

შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მის დაცვაზე მუდმივი დაკვირვება და სტანდარტების შემდგომი სრულყოფა არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ამასთან, ეს ვალდებულება აისახა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაშიც, რომლითაც მკვიდრდება შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის ახალი, გაცილებით მაღალი სტანდარტი“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, აქედან გამომდინარე, შრომის უსაფრთხოებისა და ზოგადად, შრომითი უფლებების დაცვის საკითხების განხილვისა და შესაბამისი მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს შექმნას გამჭვირვალე და ფართო სადისკუსიო ფორმატი, რომელშიც ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა მონაწილეობის შესაძლებლობა.

„შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება მიმართული უნდა იყოს, ერთი მხრივ, დასაქმებულთა უფლებების, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ინტერესების დაცვისკენ. ამდენად, მნიშვნელოვანია, დამსაქმებლებიც იყვნენ ჩართული შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავების პროცესში.

ჯანსაღი ეკონომიკური და სოციალური გარემოსთვის, საჭიროა უზრუნველვყოთ ჰარმონიული ურთიერთობა დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის, რაც გაზრდის შრომის პროდუქტიულობას, ხელს შეუწყობს კომპანიების გაძლიერებას და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018