Logo

შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს

შრომის უსაფრთხოების ნორმები საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს

განახლებულ კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებაზე ჩანაწერი არ კეთდება

სოციალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმოადგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა უზრუნველყოს. შრომის კოდექსი დამსაქმებელს აკისრებს ვალდებულებას, შექმნას შრომის უსაფრთხო პირობები სამუშაო ადგილზე. კერძოდ, კოდექსი ადგენს დასაქმებულთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფის ვალდებულებას.

 
შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვა ევალებოდა, 2006 წელს გაუქმდა. მოგვიანებით, 2015 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამოქმედდა. თუმცა, სამოქალაქო სექტორი აღნიშნული დეპარტამენტის არაეფექტურობაზე მუდმივად საუბრობდა. ამის მიზეზი კი ძირითადად ის არის, რომ დეპარტამენტს არ შეუძლია კომპანიაში შესამოწმებლად დამსაქმებლის გაფრთხილების გარეშე შევიდეს. ამასთან, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის დაკისრების უფლებაც არ აქვს.

 
უსაფრთხო შრომითი პირობების შესაქმნელად, მთავრობა ბიზნესსექტორს ახალ მოთხოვნას უწესებს, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი კომპანია ვალდებული იქნება, რომ უსაფრთხოების ნორმების და სტანდარტების გასაკონტროლებლად შრომის უსაფრთხოების მენეჯერი დაიქირავოს. 2011-2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 270 ადამიანი დაიღუპა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის არაეფექტიან საქმიანობას.

 
განვითარებულ ქვეყნებში ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, თუ მას მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილზე დარღვევებია, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს გარანტირებული აქვს თუ არა მუშას დაცვის ინდივიდუალური საშუალებები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

 
2017 წლის 26 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ,,შრომა და დასაქმება’’, რომელშიც პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ თბილისის მერიის, საკრებულოს, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენოს პირველ ადგილზე და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკა უნდა განახორციელოს. სამუშაო შეხვედრაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური პროგრამების დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ. მისი თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ შრომის ადმინისტრირების სიტემა უნდა გამართოს.

 
“რეფორმა მოიცავს როგორც შრომის ინსპექციის, ასევე სოციალური პარტნიორობის ფორმატის ამოქმედებას და მედიაციის მექანიზმს. სამივე ფორმატი არსებობს, მაგრამ თითოეულს სერიოზული პრობლემები აქვს ეფექტურობის მიმართულებით. შრომის ადმინისტრირების გამართული სისტემა განსაზღვრავს, რეალურად მოხდება თუ არა შრომის კოდექსით განსაზღვრული უფლებების დაცვა’’.

 
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და შემუშავებულია საკანონმდებლო პაკეტის სამუშაო ვერსია. სამინისტროს თქმით, აღნიშნული კანონპროექტი, დამტკიცების შემთხვევაში უპასუხებს საერთაშორისო დირექტივებს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსიით ცვლილება შეეხება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონს. მიუხედავად ყველაფრისა ახალ კონსტიტუციაში , რომელიც პარლამენტს განსახილველად აპრილის ბოლოს უნდა გადაეგზავნოს, შრომის უსაფრთხოებისა და შრომის ინსპექციის შესახებ ჩანაწერი არ გაკეთდება. როგორც საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ახალ კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოების შესახებ ჩანაწერის გაკეთება მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის გამო დაიბლოკა.

 
სახელმწიფოთა მიერ საერთაშორისო თუ ეროვნულ სამართლებრივ აქტებში გამოხატული ნება დასაქმების ადგილებში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს თაობაზე უნდა იყოს აღსრულებადი, რისთვისაც აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი მექანიზმი, რომელიც დასაქმების ადგილებში შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის კანონმდებლობასთან/სტანდარტთან შესაბამისობას შეამოწმებს და ნორმათა იმპლემენტაციის მიზნით, ეფექტურ ზომებს მიიღებს.

 
ამასთან, მნიშვნელოვანია არსებობდეს შრომის პირობების უსაფრთხოების სათანადო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც იქნება რეალობის ადეკვატური და უპასუხებს წარმოების პროცესის თანამედროვე ფორმებსა და მიდგომებს. დღეს მოქმედი შრომის უსაფრთხოების ნორმები მოძველებულია და არა არის თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

 
ასევე აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში არანაირი ჩანაწერი არ კეთდება შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები აქტიურად მოუწოდებდნენ პარლამენტს და საკონსტიტუციო კომისიას შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთებისკენ, მათი მოთხოვნა უგულვებელყოფილია.

 

კერძოდ, ახალი კონსტიტუციის პროექტის 24-ე მუხლის მიხედვით, სადაც შრომის თავისუფლებაზეა საუბარი, წარმოდგენილია შემდეგი რედაქციით:

1. შრომა თავისუფალია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება;

2. შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით;

3. ყველას აქვს ორგანული კანონის შესაბამისად პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება;

4. გაფიცვის უფლება აღიარებულია. ამ უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით;

5. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018