Logo

ISO-ს სტანდარტები – ქართული ბიზნესის არჩევანი

ISO-ს სტანდარტები – ქართული ბიზნესის არჩევანი

კომპანია "მენეჯმენტის სისტემებმა" პირველი კომპანია იყო, რომელმაც ქართულ ბაზარზე ISO სტანდარტების დანერგვა დაიწყო და გახდა გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანო TUV SUD-ის ოფიციალური პარტნიორი. 

2008 წელს მომხმარებელთა დაცვის ასოციაციამ ზოგადად სტანდარტების, თავად კომპანიისა და პარტნიორების შეახებ სტატია გაავრცელა. მნიშვნელოვანია, რომ 2008 წელს სერტიფიცირებული იყო 23 კომპანია, ამჟამად კი მათი რაოდენობა 400-ს აჭარბებს. 

 

გთავაზობთ სტატიას უცვლელად:

ISO-ს სტანდარტები – ქართული ბიზნესის არჩევანი

სტანდარტები საქართველოშიც დაინერგა და უკვე TUV SUD -ის მიერ სერტიფიცირებული 23 კომპანია წარმატებით იყენებს ISO-ს სტანდარტებს. ISO-ს სტანდარტებმა სერტიფიცირებულ კომპანიებს გზა გაუხსნა გარე ბაზრებზე და მათი იმიჯიც ერთიორად გაიზარდა.

საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი ISO-ს სტანდარტების აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც განვითარებადი ქვეყანა, საჭიროებს სტანდარტების მასობრივ დანერგვას, რათა ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება.

საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი: “სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია” (ISO) არის სტანდარტების განმსაზღვრავი საერთაშორისო ორგანო.

უფრო სწორად, ეს არის ქსელი, რომელიც 157 ქვეყნის ეროვნული სტანდარტიზაციის ორგანოს აერთიანებს. ის ადგენს ინდუსტრიულ და კომერციულ სტანდარტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ISO გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე ღებულობს და მიზნად არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ მთელი საზოგადოების დაკმაყოფილებას ისახავს. ISO-ს სტანდარტები მთელს მსოფლიოშია მიღებული და ევროპაში ისინი ხარისხის სინონიმია. მაგალითად, ევროპელი მომხმარებლის თვალში, ISO 9000 (ხარისხის მართვის სისტემები საწარმოო გარემოში) და ISO 14 000 (გარემოს დაცვის მართვის სისტემები საწარმოო გარემოში) არა მხოლოდ სასურველი, არამედ სავალდებულოცაა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მათ მიერ ნაყიდი საქონელი აკმაყოფილებს ხარისხის და გარემოს დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში მწარმოებლებს შორის გაჩაღებულია კონკურენცია მომხმარებლის მოსაზიდად, შესაბამისად, თუ მათი პროდუქცია აკმაყოფილებს ხარისხის, გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, სანდოობისა და ეფექტურობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს, მით უფრო მეტი შანსი აქვთ მოიზიდონ მომხმარებელი და, შესაბამისად, მიიღონ უფრო დიდი შემოსავალი.

სტანდარტებს უზარმაზარი და პოზიტიური გავლენა აქვთ ჩვენი ცხოვრების უამრავ ასპექტზე. სტანდარტები უზრუნველყოფენ ნაწარმისა და მომსახურების სასურველ მახასიათებლებს.

კერძოდ, ხარისხს, ეკოლოგიურ სისუფთავეს, უსაფრთხოებას, სანდოობასა და ეფექტურობას და თანაც ისინი უზრუნველყოფენ ამ მახასიათებლებს ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიან ფასად. სტანდარტების არარსებობა საგრძნობი ძალიან მალე ხდება.

ჩვენ მაშინვე ვამჩნევთ, როცა ნაწარმი დაბალი ხარისხისა, როცა ტანსაცმლის ზომა მოსალოდნელს არ ემთხვევა ან როცა ახლადშეძენილი ტექნიკური მოწყობილობა უკვე არსებულთან თავსებადი არაა, როდესაც საქონელი არასანდო ან, საერთოდ, საშიშია. პროდუქციის, სისტემების, ხელსაწყოებისა და დანადგარების გამართული და უსაფრთხო მუშაობა უმეტესწილად სწორედ სათანადო სტანდარტების დაკმაყოფილებასთანაა დაკავშირებული. მაგალითად, სწორედ კომპიუტერული პროტოკოლების სტანდარტიზაცია აძლევს სხვადასხვა მწარმოებელსა და პროდუქციის მომხმარებლებს ურთიერთკომუნიკაციის საშუალებას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოსთვის, ქართველი მწარმოებლებისა და მომხმარებლებისთვის აუცილებელია სტანდარტების შემოღება.

ბიზნესისთვის საერთაშორისო სტანდარტების ფართოდ გავრცელება ნიშნავს იმას, რომ მწარმოებელს შეუძლია შეიმუშაოს და მომხმარებელს შესთავაზოს პროდუქცია და მომსახურება, რომელიც შესაბამის სექტორებში საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე მომუშავე ბიზნესი ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი ხდება საერთაშორისო ბაზრებზე. ტერმინოლოგიის, თავსებადობის და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები ახალი ტექნოლოგიების შემქმნელებს საშუალებას აძლევს, დააჩქარონ საკუთარი გამოგონებების გავრცელება და გარდაქმნან ისინი წარმოებისა და მარკეტინგის თვალსაზრისით ხელსაყრელ პროდუქციად. მომხმარებლისათვის ტექნოლოგიის მსოფლიო მასშტაბით თავსებადობა, რის საშუალებასაც ნაწარმისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა იძლევა, ფართო არჩევანს ნიშნავს. მომხმარებლისთვის ასევე მომგებიანია მწარმოებლებს შორის კონკურენცია. საქონლისა და მომსახურების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან მომხმარებელს ხარისხის, უსაფრთხოებისა და სანდოობის გარანტიას აძლევს.

საერთაშორისო სტანდარტები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას და მას უფრო სამართლიანს ხდის. ისინი საერთაშორისო კონსენსუსის შედეგისა და ტექნოლოგიური “ნოუ ჰაუს” მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. საერთაშორისო სტანდარტები, განსაზღვრავენ რა საექსპორტო პროდუქციისათვის და მომსახურებისთვის საჭირო მახასიათებლებს, ხელს უწყობენ გარდამავალი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს მწირი რესურსების ინვესტირებისას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. სავაჭრო სფეროს ოფიციალური პირებისათვის საერთაშორისო სტანდარტები ქმნიან “მყარ სათამაშო ასპარეზს” ამ ბაზრებზე მოქმედი ყველა კონკურენტისათვის და სადაც განსხვავებულმა ეროვნულმა თუ რეგიონალურმა სტანდარტებმა შეიძლება ვაჭრობის განვითარებას ტექნიკური ბარიერები შეუქმნას. საერთაშორისო სტანდარტები წარმოადგენენ ტექნიკურ საშუალებას, რომელთა დახმარებით შესაძლებელია პოლიტიკური სავაჭრო ხელშეკრულებების რეალობაში განხორციელება.

ISO-ს სტანდარტები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ვინაიდან მათი მეშვეობით: პროდუქტებისა და მომსახურების წარმოება და მიწოდება უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სუფთა ხდება; იზრდება პროდუქციის საექსპორტო პერსპექტივები; მთავრობებს ეძლევათ ტექნიკური საფუძვლები ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის მისაღებად და მის შესადარებლად საერთაშორისო მოთხოვნებთან; ხდება ტექნოლოგიური მიღწევებისა და მართვის მოწინავე ფორმების გაზიარება; ხდება უახლოესი მიღწევების ურთიერთგაზიარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.”

ეროვნულ ბაზარზე წარმატებით მუშაობს საერთაშორისო და ევროპაში ყველაზე ავტორიტეტული მასერტიფიცირებელი ორგანოს – TUV SUD-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, კომპანია “მენეჯმენტის სისტემები”, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტ კომპანიას მისცეს საშუალება, ISO-ს სტანდარტების დანერგვით მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. “მენეჯმენტის სისტემები” ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მეშვეობით, სხვადასხვა კომპანიებში ეწევა საკონსულტაციო სამუშაოებს, ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

დღეისათვის, საქართველოში დიდი მოთხოვნაა ISO 9001:2000 სტანდარტზე. თუმცა კვების პროდუქტების მწარმოებელ ორგანიზაციებში გაჩნდა HACCP (Hazard Analiysis and Critical Control Points) სისტემის დანერგვის მოთხოვნაც. HACCP-ის სახელი მსოფლიო მასშტაბით ასოცირდება “უსაფრთხოებასთან”, რაც ნიშნავს, რომ HACCP-ის სისტემის დანერგვით ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საკვები პროდუქტების წარმოებას და მიწოდებას სარეალიზაციო ქსელში. აღნიშნული სისტემის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ ღვინის, ლუდის, რძისა და სხვა, კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები.

ISO-ს სტანდარტები ნდობასთან ასოცირდება, რადგან მომხმარებლებმა იციან, რომ იმ კომპანიას, რომელიც ISO 9001:2000 სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელია, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია აქვს. წინასასერტიფიკაციო პროცედურა შემდეგნაირია: სანამ კომპანიას ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭება, მანამდე კომპანიაში წინასასერტიფიკაციო სამუშაოები ტარდება. წინასასერტიფიკაციო სამუშაოების დროს, უპირველესად ყურადღება ექცევა ტექნიკურ უზრუნველყოფას, თუ რამდენად გამართულია საწარმო, რამდენად აკმაყოფილებს იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რასაც ISO-ს სტანდარტი ითხოვს. თუ კომპანიას სჭირდება ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ სტანდარტის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები დააკმაყოფილოს, გარდა ტექნიკური უზრუნველყოფისა, სტანდარტის დასანერგად აუცილებელია კომპანიას ჰყავდეს შესაბამისი კადრი, რადგან სისტემის შემუშავება არ ხდება მხოლოდ კონსულტანტის მიერ, ამ პროცესში საწარმოს კადრიც უნდა ჩაერთოს. თუ ეს პირობები დაკმაყოფილებულია, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კომპანიაში ხარისხის მენეჯმენტის შემუშავება და დანერგვა. წინასასერტიფიკაციო სამუშაოების ხანგრძლივობა თვითონ კომპანიაზეა დამოკიდებული, მის მოცულობაზე, სირთულეზე და ა.შ. წინასწარი სამუშაოები მოიცავს მინიმუმ სამ-ოთხ თვეს. ISO-ს ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი უპირველესად არის ნდობა, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მომხმარებელი საქართველოში იქნება თუ მის ფარგლებს გარეთ. ვინაიდან ISO-ს სტანდარტი საერთაშორისოა, იგი ხშირად საშვის ფუნქციასაც ასრულებს კომპანიისთვის ამა თუ იმ საერთაშორისო გამოფენაზე. ISO-ს სტანდარტებს ნერგავენ რეგიონებში მოქმედი კომპანიებიც. პირველად ISO 9001:2000 ხარისხის მენეჯმენტის სერტიფიკატი უკვე მიიღო ბათუმში მოქმედმა კომპანიამაც. ქართველი ბიზნესმენები დარწმუნდნენ, რომ ISO-ს სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანია არა მარტო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოსადგენად, არამედ შიდა ბაზარზე. სტანდარტის დანერგვის მოთხოვნა, ძირითადად, თბილისში მომუშავე კომპანიებისგან არის, რადგან, როგორც “მენეჯმენტის სისტემებში” აცხადებენ, რეგიონებში ჯერ კიდევ ინფორმაციის დეფიციტია.

უნდა ვივარაუდოთ, რომ სტანდარტებზე მოთხოვნა ყველა სფეროში გაჩნდება, მით უფრო ახლა, როდესაც საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება. უცხოელი ინვესტორები პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მუშაობას, რომელიც ნებისმიერი კომპანიისთვის წარმატების გარანტია.

 

წყარო

თარიღი

03.07.2018