2018-04-03
მას შემდეგ, რაც ხანძარი და მისგან გამოწვეული ტრაგედიები აქტუალური თემა გახდა, მშობლებში არც თუ ისე უსაფუძვლო კითხვა გაჩნდა. რამდენად გამართულია საქართველში ფუნქციონირებადი ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების სისტემა და აქვთ თუ არა ევაკუაციის გეგმა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, „მშობელის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას ევაკუაციის გეგმა არ აქვს, ან აცხადებენ რომ აქვთ, მაგრამ არ არის გამოკრული თვალსაჩინო ადგილას.
როგორც „მშობელს“ სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გიორგი კოდალაშვილმა განუცხადა, მსგავსი ცენტრები ვალდებულია საევაკუაციო გეგმები გაკრული იყოს თვალსაჩინო ადგილას, ინფორმირებული/გადამზადებული იყოს მომსახურე პერსონალი, უნდა არსებობდეს საევაკუაციო გზების მიმანიშნებელი ისრები და საევაკუაცი გზა, რომლითაც შენობიდან უსაფრთხო ადგილას გავლენ.
„თუ გასართობი ცენტრები მდებარეობს სავაჭრო ცენტრებში და უშუალოდ ერთ კომპლექსში განიხილება, ვამოწმებთ, ცალკე მდგომ ცენტრებს არა. ეს არ შედის სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობაში. თუ 300 კვადრატულ მეტრზე პატარაა ფართი, ჩვენ ზედამხედველობას არ მიეკუთვნება. ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, სახანძრო უსაფრთხოების წესები და პირობები გაწერილია, ობიექტებს უნდა ჰქონდეთ პირველადი ხანძრის ქრობის საშუალებები, შიდა სახანძრო წყალგაყვანილობის სისტემა, გარე წყალგაყვანილობის სისტემა, ხანძრის აღმოჩენის და ხანძრის ქრობის სისტემები, ამას ვამოწმებთ ჩვენ. საევაკუაციო გეგმები გამოკრული უნდა იყოს, ასევე გადამზადებული უნდა იყოს პერსონალი. ჩვენი სამსახური ამოწმებს და უშუალოდ მუთითებს დარღვევებზე, ჩვენ ვუთითებთ გონივრულ ვადებს ხარვეზების გამოსასწორებლად. მართალია ჩვენ არ ვამოწმებთ ცალკე მდგომ ცენტრებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ არ ქონდეს მოწესრიგებული სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობა. მათ შეუძლიათ მოგვმართონ ჩვენ. იმ ობიექტებისთვის, რომელბიც არ არიან ჩვენს დაქვემდებარებაში, მომსახურება ფასიანია, მომართვის შემთხვევაში ვატარებთ შემოწმებას და ვაძლევთ სათანადო რეკომენდაციას“, - განუცხადა „მშობელს“ კოდალაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ ბავშვთა თავშეყრის ადგილებს, მათი პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება და უცვლელად გთავაობთ:
ნევერლენდი - სათადარიგო კიბე არ გვაქვს, მაგრამ ისე არის მოწყობილი, ღმერთმა დაგვიფაროს და რამე რომ მოხდეს, ბავშვები პირდაპირ გარეთ გამოდიან. ევაკუაციის გეგმა თვითონ ამათ არ აქვთ, ჩვენ ნაქირავები გვაქვს ეს შენობა - მენეჯერი ქეთევან კუნჭულია.
ქენდი ლენდი - ხანძარს გააჩნია, ჯვარი გვწერია, გვაქვს შესაბამისი მოწყობილობა, რაც მცირე ხანძრის დროს პირველადი რეაგირების საშუალებას მოგვცემს. ევაკუაციის გეგმა როგორც ასეთი არ გვაქვს, ეს მეორე სართულია და შენობას ერთი შესასვლელი და ერთი გასასვლელი აქვს. ვართ თუ არა ხანძრისთვის მზად, ცოტა ისეთი ნათქვამია, გააჩნია მასშტაბებს. რაღაც მცირე, პირველადი რაც შეილება გავაკეთოთ, მაგისთვის მზად ვართ - დირექტორი გიორგი ხარებაშვილი.
ზალიკოს ცენტრი - რა თქმა უნდა გვაქვს - ფოტომასალა
თბილიქიდსი - ჩვენთან ყველა საჭირო ტექნიკაა, სენსორები, ცეცხლმაქრობი, თვალსაჩინო ადგილას რა თქმა უნდა არ არის. ხდება ახალი თანამედროვე სისტემებით ჩანაცვლება. რაც შეეხება ფოტომასალას, ხელმძღვანელობას დაგაკავშირებთ (კომენტარის ჩაწერიდან რამდენიმე დღე გავიდა, ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ დაკავშირებია „მშობელს“, თავად კი ნომრის გაცემა არ ისურვეს).
მინიონები - მოგეხსენებათ, უკვე სამი ფილიალი გვაქვს, პირველი ფილიალი გლდანშია, ფართი ნაქირავებია და აბსოლუტურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების მხრივ თავად სავაჭრო ცენტრის მიერ. საჯაროდ არ არის ევაკუაციის გეგმა გაკრული, ეს გამქირავებლის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება საბურთალოს და ვარკეთილს, პირველადი ინვენტარი, რაც შეიძლება დაგვჭირდეს, გვაქვს. რაც შეეხება ევაკუაციის გეგმას, დაქირავებული გვყავს კერძო კომპანია და 10 მაისისთვის იქნება ორივე ფილიალისთვის მზად. გარდა ამისა, მინიონების ცენტრის ყველა თანამშრომელი და სტუმარი დაზღვეულია, ჩვენ ჯერ კიდევ გლდანის ფილიალის გახსნიდან მოყოლებული, მესამე პირზეც გვაქვს დაზღვევა გაკეთებული. (აქაც დაგვპირდნენ ფოტომასალას გლდანის ფილიალიდან, თუმცა ჯერ არ მიგვიღია).
ბასტი - ბუბუ - რა თქმა უნდა გვაქვს - ფოტომასალა
დეჟავინო - ევაკუაციის გეგმა არ გვაქვს, რადგან ცენტრი არ არის იმხელა რომ მოითხოვებოდეს, მაგრამ მზადების პროცესშია, რომ მაინც გავაკეთოთ. სხვა უსაფრთხოების ზომებს რაც შეეხება, ცეცხლმაქრობი, სიგნალიზაცია გვაქვს. ძალიან დიდი ფანჯრებია ჩვენთან და დაკეტილი სივრცე არ არის - დიანა ყასუმაშვილი - მენეჯერი.
ჰუპი - ჰო, კი არის საევაკუაციო გეგმა. გასასვლელი ერთია, ორი გასასვლელი არ არის, მარტივია საევაკუაციო გეგმა. ევაკუაციის გეგმა არ გვაქვს გაკრული. მომსახურე პერსონალი არის დატრენინგებული. ორი ცალი ცეცხლმაქრობი გვაქვს, ცენტრი 160 კვადრატამდეა - საბა ხაჟომია - მენეჯერი.
მადაგასკარი - ევაკუაციის გეგმა გვაქვს ნამდვილად, კინოზე ვართ ორიენტირებული და ამოწმებენ ხშირად. გეგმა არსად არ არის გაკრული. ხშირად ჩამოდიან და გვამოწმებენ. გვყავს უსაფრთხოების უფროსი და აქედან გამომდინარე გვამოწმებენ ხშირად. თვითონ ცენტრი არის შეკრული, ხშირად მოწმდება, სიგნალიზაცია არ გვაქვს - ლალი ლაზარევა.
Showtimeclub - დაცულია უსაფრთხოების ნორმები, გვაქვს ცეცხლმაქრობები, სიგნალიზაცია, ევაკუაციის გეგმა, რომელიც გაკრულია თვალსაჩინო ადგილას - ირმა ბართავა, მენეჯერი (საღამომდე დაგვპირდა ფოტომასალას, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ცენტრი წინასააღდგომოდ დახურულია და არ მუშაობს, ამიტომ ფოტოების გადაღება ვერ მოხერხდება.
ბატუტის ცენტრი - გვაქვს ორი ცენტრალური გასასვლელი, შუშის კარები, რომელთანაც მოცემული მომენტისთვის დგას ბატუტები, თუმცა საფრთხის შემთხვევაში შეიძლება ჩამტვრევა სპეციალური ჩაქუჩებით. რაც შეეხება ევაკუაციის გეგმას, დაკვეთილია და მუშავდება. რამდენიმე დღეში მზად გვექნება - კობა სალაყალა, მენეჯერი.
ჰეპი ლაუნჯი - ალადინი - მაქსიმალურად ვცდილობთ უსაფრთხოების ნორმების დაცვას. დაგეგმილია ტრენინგები და ერთ-ერთ კომპანიასთან საევაკუაციო გეგმაზეც დაიწყო მუშაობა. გვქონდა ევაკუაციის გეგმა, მაგრამ ცენტრი დაახლოებით ერთ წელია გადაკეთდა, ამიტომ ახალს ვამზადებთ. თანამშრომლებისთვის ტრენინგები ამ დღეებში იგეგმება და შეგიძლიათ გვეწვით და თავად დარწმუნდეთ.
ალბათ ადვილი მისახვედრია, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ცენტრების, რომელიც ფუნქციონირებს. „მშობელი“ გააგრძელებს მოკვლევას და ასევე გადაამოწმებს დაპირებულ ვადებში ხარვეზების გამოსწორებას ადგილზე მისვლით, შესაბამისად, ფოტომასალასაც თავად მოგაწვდით.
მშობლებს კი ვურჩევთ, ცენტრის დაჯავშნამდე ადგილზე გაეცნონ ყველა დეტალს, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.
წყარო
ყველა უფლება დაცულია