19 ივლისს, დაახლოებით, 19 საათზე, რაბათის ციხის რესტავრაციაზე დასაქმებული 38 წლის მამუკა ბლუაშვილი კედლიდან ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ვინაა პასუხისმგებელი მომხდარზე, როგორ უნდა იცავდნენ უსაფრთხოების წესებს მშენებლობებზე და როგორ რეგულირდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოება.
ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში შემთხვევის შესახებ შეტყობინება დაახლოებით 19 საათსა და 28 წუთზე შევიდა. მორიგე ოპერატორის ენრიკო კაპანაძის თქმით, ადგილზე ორი ბრიგადა გავიდა, სასწრაფო დახმარებისა და კატასტროფის. სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმი ჯულიეტა კაპანაძე ამბობს, რომ ადგილზე მისულებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაღუპული ახალციხის პროზექტურაში გადაასვენა.
იმ დროს, როდესაც გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდებოდა, ეზოში მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები და გარდაცვლილის ახლობლები იყვნენ. რაბათის ციხის ზედამხედველებიდან ან ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან პროზექტურის მიმდებარე ტერიტორიაზე არავინ ჩანდა. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, რა მოხდა ციხეზე, რამ გამოიწვია ბლუაშვილის ჩამოვარდნა, ახლობლებმა ვერ მიიღეს.
როგორც გარდაცვლილის მეუღლის ბიძამ ზაზა პაქსაშვილმა გვითხრა, მომხდარის შესახებ მათ მუშებმა შეატყობინეს: ”რა და როგორ მოხდა არ ვიცით, ციხის წარმომადგენლობიდან აქ არავინაა. ვიღაც ხომ უნდა იყოს, რომ პასუხი გაგვცეს. ვის ვკითხოთ, მუშებს?!”
ახალციხის ისტორიულ უბანში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველი გარდაცვლილის ახლობლებმა მაშინაც მოკითხეს, როცა ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მათ პროცესისთვის საჭირო თანხის, 120 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ადგილზე არც ამ დროისთვის (დაახლოებით 24:00 საათი) ჩანდა ვინმე. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რაბათის ციხის ხელმძღვანელობა ამ დროს დაკითხვაზე ჰყავდათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრებმა მამუკა ბლუაშვილმა რაბათის ციხის სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობა ორი თვის წინ დაიწყო.
”სმენის პრობლემები ჰქონდა და ყურსასმენი აპარატს ატარებდა. ფიზიკურად მუშაობა არ უჭირდა. ვერ ვხვდებით რა შეიძლება მომხდარიყო”, - ამბობს ბლუაშვილის ახლობელი დათო კახიშვილი.
მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევა ”სამხრეთის კარიბჭემ” რაბათის ციხის დირექტორთან ნოდარ გოროხოვთან სცადა.
”ვერ გეტყვით რა მოხდა, ასობით სამშენებლო კომპანია მუშაობს, მათ მუშაობაში მე არ ვერევი, უფლება არ მაქვს”, - განაცხადა გოროხოვმა ”სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში.
მომხდარის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავეს ადგილობრივ ხელმძღვანელობაშიც.
”გამოძიება დაადგენს ყველაფერს”, - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა დემეტრაძემ.
რაბათის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ერთ-ერთი კომპანიის ”არქიტექსის” მენეჯერმა ლაშა ცხვარიაშვიალმა ტელეფონი იქამდე გაგვითიშა, ვიდრე კითხვას ბოლომდე დავსვამდით: ”თავი დამანებეთ, არ მცალია ჟურნალისტებისთვის”.
პრესასთან საუბრისგან თავი შეიკავეს მუშებმაც. თუმცა, პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ უბედური შემთხვევა გარდაცვლილის დაუდევრობამ გამოიწვია. მან თავად გადაწყვიტა ციხის კედელზე დამცავის გარეშე ასვლა და არ უსმენდა არც მუშებისა და არც ზედამხედველების შეძახილებს, ეს არ გაეკეთებინა.
რაბათის უბნის სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები გასული წლის მაისში დაიწყო. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, მშენებლობის დაწყების დღიდან დღემდე ობიექტიდან არაერთი გამოძახება იყო. საბედნიეროდ, გარდა უკანასკნელი შემთხვევისა, ყველა მათგანი სხეულის მცირე დაზიანებით, დაჟეჟილობით ან მოტეხილობით მთავრდებოდა.
ზოგადი დაჟეჟილობები მიიღო მიმდინარე წლის 15 მაისს ”ლიბერთი ბანკის” სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა 55 წლის ვართან ბაბოიანმაც, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა იმის გამო, რომ დამცავი ღვედი არ ეკეთა.
კიდევ ერთი, სამწუხაროდ სიკვდილით დასრულებული შემთხვევა მოხდა ქალაქში მიმდინარე ერთ-ერთ ობიექტზე გასული წლის 20 ოქტომბერს. ყოფილი რაიონული პოლიკლინიკის შენობის კედლის ჩამონგრევისას ნანგრევებში მოყოლილ 24 წლის ირაკლი კოტორაშვილს, რომელიც შენობაში გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, სამაშველო სამსახური 5 საათის განმავლობაში ეძებდა.
ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე დაცული უსაფრთხოების ნორმებით ”სამხრეთის კარიბჭე” მიმდინარე წლის დასაწყისში დაინტერესდა.
“გვაქვს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რაზეც ყოველ დილა-საღამოს ყველას ხელს ვაწერინებთ… ვასწავლით რა უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა მოიქცნენ გარკვეულ პირობებში, რომ არაფერი დაუშავდეთ. გვაქვს უსაფრთხოების ქამრები, ასევე ჩაფხუტები და უნიფორმა”, - გვითხრა მაშინ ლაშა ცხვარიაშვილმა.
ის, რომ უსაფრთხოებას ინსტრუქტაჟზე ხელისმოწერით იცავდნენ, მაშინ კიდევ რამდენიმე სამშენებლო კომპანიის მენეჯერმა განაცხადა.
მშენებლებისა და უსაფრთხოების ოფიცრების განმარტებით, ყველა კომპანიას აქვს უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, რომლის დაცვა სავალდებულოა ამ კომპანიაში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის.
კომპანია “სიმენსის” გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის უფროსი გიორგი მერაბიშვილი ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად მენეჯმენტზეა დამოკიდებული: ”არსებობს გარკვეული სტანდარტები, მათ შორის უცხოური ხტანდარტები, რომელსაც ვიცავთ ჩვენს ობიექტებზე. მთელი დღის განმავლობაში ვაკონტროლებთ თითოეულ დასაქმებულ პირს, რომ ეს წესები დაიცვას. ასე უნდა ხდებოდეს ყველა ობიექტზე”.
”ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა გაირკვეს ვინ იყო პასუხისმგებელი და ვისი ბრალეული ქმედების შედეგია ის, რაც მოხდა. შეიძლება სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ყველა წესი და ინსტრუქცია დაიცვას, მაგრამ თავად მუშამ არ დაიცვას და ის იყოს დამნაშავე”, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კახა კოჟორიძე და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვინ დაარღვია უსაფრთხოების წესები. გასარკვევია განუმარტეს თუ არა მუშას უსაფრთხოების წესები. თუ განუმარტეს და მან არ დაიცვა, თავადაა ბრალეული, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ აუხსნეს რა წესები უნდა დაეცვა, მაშინ უკვე ლაპარაკია კომპანიის ხელმძღვანელის დანაშაულზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ერთადერთი რაც არსებობს, ზურაბ ნოღაიდელის მიერ გამოცემული ბრძანებაა: ”სადაც წერია, რომ თუ მოხდება უბედური შემთხვევა, დამსაქმებული ვალდებულია მოახდინოს დაზარალებულის რეაბილიტაცია. ცხადია, გარდაცვლილის რეაბილიტაციაზე საუბარი ცოტათი წარმოუდგენელია”.
მისივე განმარტებით, გასულ წელთან შედარებით სამშენებლო სამუშაოებზე მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ის, რომ ადამიანები ყოველგვარი დამცავი ღვედებისა და ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ, უკვე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ამას ასევე, ჩვეულებრივად უყურებენ ქვეყანაში: ”პროფკავშირებს გვჭირდება დიდი დრო და ძალისხმევა, რომ მოვიგოთ პროცესები და დაენიშნოს კომპენსაცია დაზარალებულს ან მისი ოჯახის წევრებს. უმეტეს შემთხვევაში სასამართლო პროცესზე მუშის ბრალეულობა იკვეთება”.
მიმდინარე წელს ათეულობით მსგავსი საქმიდან პროფკავშირებს მხოლოდ 7 მოგებული საქმე აქვს. მათ შორის, ერთ-ერთი ყველზე გახმაურებული ჭიათურის საქმეა, რომელიც ორი წელიწადი და რამდენიმე თვე გრძელდებოდა.
ის რომ, შრომის უსაფრთხოება ყევლა შემთხვევაში უნდა იყოს უზრინველყოფილი, ”ტექნიკური საფრთხის კონტროლის” შესახებ საქართველოს კანონში გარკვევითაა ფორმულირებული.
ამ კანონის მეორე თავის მე-12 მუხლში - ობიექტზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა - ნათქვამია, რომ აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული ობიექტზე უსაფრთხოების დაცვის წესების დაცვისთვის პასუხისმგებელი პირი ან ორგანო. ასევე, აუცილებელია ”დასაქმებულთა ინფორმირება ინსტრუქციების გამოკვრის, ობიექტების
ნიშანდების, დასაქმებულთა ტრენინგის, რისკების შეფასებისა და მართვის
მეშვეობით”.
როგორ განვითარდება მოვლენები მამუკა ბლუაშვილის შემთხვევაში, რომელსაც მეუღლე და 5 წლის ვაჟი დარჩა, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ექსპერტიზის პასუხები ცნობლი ერთ კვირაში გახდება. მომხდარს შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო იძიებს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებული რაბათის უბნის სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები გასული წლის მაისში დაიწყო. მშენებლობის პირველი ეტაპი აგვისტოში სრულდება. აგვისტოს შუა რიცხვებისთვისაა დაგეგმილი რაბათის უბნის ოფიციალური გახსნა. მშენებლობა, რომელიც დაახლოებით 7 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ყველა უფლება დაცულია