Logo

მშენებლობებზე გაზრდილი მსხვერპლი და შრომის უსაფრთხოება

მშენებლობებზე გაზრდილი მსხვერპლი და შრომის უსაფრთხოება

თბილისი (BPI) – 2015 წელი- სულ დაღუპულია 31 / სამშენებლო ბიზნესში-14

2014 წელი- სულ დაღუპულია 41/ სამშენებლო ბიზნესში-14

2013- სულ დაღუპულია  30/  სამშენებლო ბიზნესში-5

2012- სულ დაღუპულია 29/ სამშენებლო ბიზნესში- 7

2011- სულ დაღუპულია 21/ სამშენებლო ბიზნესში- 8

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2015 წელს სამშენებლო სამუშაოების შესრულებას 14 მუშა ემსხვერპლა. ბოლო შემთხვევა, გასულ კვირს, აფაქიძის ქუჩაზე მოხდა, შენობის დემონტაჟის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. კომპანიამ (“ტიფლის ბიზნეს ცენტრი”), რომელსაც მერიისგან მშენებლობის ნებართვა ჰქონდა, განაცხადა, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო, თავის მხრივ, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმაც აღნიშნა, რომ ინციდენტამდე ობიექტი გადამოწმებული იყო. eugeorgia.info შეეცადა გაერკვია ვინ და როგორ იცავს დღეს მუშახელის უსაფრთხოებას მშენებლობის დროს და რას ავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

მოქმედი კანონმდებლობით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების გარდა (მაღალი კაშხლები, ტრანზიტული გაზსადენები, ხიდები, გვირაბები, ელექტროგენერაციის ობიექტები, სხვადასხვა  თბოსადგურები ა.შ. ნებართვას გასცემს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო), მშენებლობის ნებართვას გასცემს ადგილობრივი ხელისუფლება, ზედამხედველობას კი ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

“ყველა რაიონში გვყავს წარმომადგენლობა და ჩვენი სპეციალისტები ახორციელებენ პერიოდულ კონტროლს. ყველა მშენებლობა, მინიმუმ, ერთხელ მაინც, გვაქვს ნანახი და მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტები. კანონში არ არის გაწერილი რამდენჯერ უნდა შევამოწმოთ სამშენებლო ობიექტი, შეიძლება იყოს კვირაში ან თვეში ერთხელ, მთავარია, გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია-სად, რა სახის მშენებლობა მიმდინარეობს და თუ რამე გამოვლენილია, ამაზე რეაგირება ხდება-ამბობს მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის იურისტი გიორგი კიკვიძე, რომლის თქმითაც, მუშახელის უსაფრთხოების დაცვა დამკვეთის ვალდებულებაა-მუშას მშენებლობის პროცესში ქუდი ახურავს თუ არა, ამის გაკონტროლება შეუძლებელია, ამხელა რესურსი სამსახურს არა აქვს, რომ ყველა ობიექტზე მუდმივად დააყენოს წარმომადგენელი, რომელიც მუშებს უშუალოდ მუშაობის პროცესში დააკვირდება, 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილებაში წერია, რომ სამშენებლო ობიექტზე მშენებლობის განხორციელება, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით, დამკვეთის ვალდებულებაა.”

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ:ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ვალდებულებაა განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი დედაქალაქში მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, რაც გულისხმობს ტექნიკური რეგლამენტების შესრულებას, სამშენებლო და  შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას. აქვე აღნიშნულია, რომ ზედამხედველობის სამსახურმა: დადგენილი წესით, მოახდინოს სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;

სამუშაო ადგილზე შრომის პირობებისა და უსაფრთხოების მონიტორინგისთვის, მიმდინარე წლის თებერვალში, ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ზედამხედველობის ფარგლებში, ასევე, შემოწმდება რამდენად დაცულია მშენებლობებზე დასაქმებული.

“დეპარტამენტის ზედამხედველობის ფარგლებში მოხდება ინსპექტირება უსაფრთხოების სხვადასხვა ნორმები რამდენადაა გათვალისწინებული  დამსაქმებლის მიერ.  შესამუშავებელია ტექნიკური რეგლამენტები, რომლის დაცვაც მოეთხოვებათ დამსაქმებლებს. კანონპროექტი განსაზღვრავს შრომის ინსპექტორებისათვის ვალდებულების  მინიჭებასა და ინსპექტირება განხორციელდება არა ნებაყოფლობით, როგორც ახლა, არამედ  იქნება სავალდებულო. ყველა ქვეყანას ერთ ინსპექტორზე აქვს კვოტა-ზოგან 2-3 დაწესებულება. ვინაიდან 25 ინსპექტორი გვყავს, ამიტომ დამტკიცდა სარეზერვო სიაც”-ამბობს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია.

დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე, შრომის ინსპექტორს მხოლოდ კომპანიის სურვილის შემთხვევაში შეუძლია განახორციელოს შრომის პირობების, მათ შორის, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მონიტორინგი, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ურჩიოს სტანდარტთან შესაბამისობაში მოიყვანოს სამუშაო გარემო. ნებაყოფლობითი მონიტორინგი და რეკომენდაცია ერთ-ერთია, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები შრომის ინსპექციის არსებულ მექანიზმს აკრიტიკებენ.

“სახელმწიფოს არ უნდა სჭირდებოდეს წინასწარი თანხმობა კომპანიის მხრიდან. ყველაზე რთული დაწესებულებები, მაღალი ალბათობით, სახელმწიფოს არ მისცემენ შესვლის საშუალებას ან მინიმუმ არ მისცემენ საშუალებას დაინახოს პრობლემები, რადგან ამ საკითხებს, რაც პირობითად მოგვარებადია, ინსპექტორის შესვლამდე მოაგვარებენ. საჭიროა აღსრულების ეფექტური ბერკეტი, რომელიც კომპანიის ინტერესებზე იმგვარად იმოქმედებს, რომ მას გაუჩნდეს აღსრულების ინტერესი და არ იყოს მის კეთილ ნებაზე დამოკიდებული“-ამბობს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი ლინა ღვინიანიძე.

eugeorgia.info ასევე დაინტერესდა როგორ იცავს უსაფრთხოების მკაცრი ნორმებით მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული კომპანია “ბრითიშ პეტროლიუმი” საკუთარი მუშახელის უსაფრთხოებას სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას.

“პირველივე დღეს მოგვცეს ე.წ. სეიფთი ბათინკი, რომელსაც რკინის ცხვირი ჰქონდა, ქვის დაცემის შემთხვევაში რომ დაეცვა, ჩაფხუტი, სათვალე, ხელთათმანები, სათვალე და კომბინიზონი, მთელი ტანი დაფარული უნდა გვქონოდა. ამ ყველაფრის გარეშე არ გვიშვებდნენ სამუშაო ადგილზე. უსაფრთხოების ოფიცრები ჩვენთან ერთად იყვნენ და მუდმივად გვაკონტროლებდნენ. მიწის სატკეპნი ან ექსკავატორები თუ მუშაობდა, ხმის დამხშობები უნდა გაგვეკეთებინა, ცემენტზე მუშაობის დროს კი პირბადეები”- ამბობს მერაბი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში, ერთ-ერთი კოტეჯის მშენებლობაზე ბი-პის მიერ დაქირავებულ კომპანია “ფერიში” მუშაობდა. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ორი ოფიცერი იყო, ერთი კომპანია “ფერის”, მეორე- “ბრითიშ პეტროლიუმის”. ასევე, იყო ექიმის ოთახი, სადაც ყოველ დილით ალკოტექსტს  იტარებდნენ. სამედიცინო ყუთის გარეშე  კი ობიექტზე არცერთი მანქანა არ დაიშვებოდა-“უსაფრთხოების ოფიცერი თვეში ერთხელ ან ორჯერ გვიკითხავდა ინსტრუქციებს- როგორ უნდა მოვქცეულიყავით ამა თუ იმ სიტუაციაში. რეპეტიციებს გავდიოდით, პირველადი დახმარება როგორ უნდა აღმოგვეჩინა, მაგ. თუ ვიღაც წაიქცა და ხელი ან ფეხი მოიტეხა, როგორ უნდა მიგვეყვანა ის ექიმის ოთახამდე. “ოქროს წესები” აქვს  ბი-პის და ეს ყველას ძალიან გვიხაროდა. კილოგრმებზე იყო ლიმიტი, 18 კგ-ზე მეტის აწევის უფლება არ გვქონდა. საათში ერთხელ შეგვეძლო 10 წუთი შეგვესვენა, შრომის “უსაფრთხოების ოფიცრები” გვეუბნებოდნენ: დაისვენეთ, დინჯად იმუშავეთ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდითო. გადასავარდნი ან ორმო სადაც იყო,  შემოვღობავდით, წითელ-ყვითლად ვღებავდით, რომ ვინმე არ ჩავარდნილიყო. ნისლიანი ამინდის დროს კი საერთოდ არ გვამუშავებდნენ.”

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილეს მიაჩნია,რომ სახელმწიფო შრომის ინსპექცია უნდა იყოს ერთიანი სისტემა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებასა და სააგენტოს მოიცავს, ბიზნესისთვის კი მნიშვნელოვანია შემუშავებული რეგულაციები იყოს ყველასთვის მარტივი, რომ არცერთი მხარე არ დაზარალდეს.

“ნორმალურ ქვეყანაში ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მიმართოს შრომის ინსპექციას, თუ მას მიაჩნია, რომ სამუშაო ადგილზე დარღვევებია, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში, შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს- გარანტირებული აქვს თუ არა მუშას დაცვის ინდივიდუალური საშუალებები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად იცავენ წესებს მშენებლობებზე, თუ შრომის ინსპექციაში შევა ასეთი სახის ჩივილი, მან უნდა მოსთხოვოს ზედამხედველობის სამსახურს ან სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს წავიდეს და შეამოწმოს. ასე უნდა მუშაობდეს სისტემა”-ამბობს გოჩა ალექსანდრია.

“არსებობს თავად სამშენებლო საქმიანობის ნორმები და სტანდარტები, რომელთა დაუცველობის შემთხვევაში, ვერანაირი შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა ვერ დაგვიცავს ტრაგიკული შემთხვევებისაგან. ზოგიერთი სტანდარტი ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე საჭიროებებს. მომზადებულია სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი, რომლის საფუძველზე მუშავდება კანონქვემდებარე აქტების პროექტებიც, რომლებმაც უნდა დაარეგულირონ მშენებლობასთან დაკავშირებული, მათ შორის, უსაფრთხოების საკითხები და სტანდარტები. ნათელი და მარტივი რეგულაციები არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ დასაქმებულებისა და მაკონტროლებელის (სახელმწიფოს) ინტერესებშიც შედის, აიოლებს მათ აღქმას, შესრულებასა და შესრულების კონტროლს, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს სისტემაში კორუფციის რისკებს.”- ამბობს ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი.

შრომის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აქვს ნაკისრი. ამ სფეროში სულ 26 დირექტივაა ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოსატანი, თითო დირექტივის ვადა 4-დან  9  წლამდე მერყეობს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 26  დირექტივიდან მიმდინარე წელს 3 დირექტივის შესასრულებლად მომზადდება კანონპროექტები,  კანონქვემდებარე აქტები და ის ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც უშუალოდ შრომის უსაფრთხოებას შეეხება.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018