Logo

თბილისის საბავშვო ბაღებში სურსათის ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება

თბილისის საბავშვო ბაღებში სურსათის ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით ტრენინგი ტარდება

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღების სამზარეულოს პერსონალი გადამზადდება. სურსათის ჰიგიენის წესებთან დაკავშირებით ტრენინგს ბაგა‐ბაღების სამზარეულოებში დასაქმებულ თანამშრომლებს შპს ,,ელფი“ და კომპანია “ISO CONSULTING“ უტარებენ.

ტრენინგი ეხება ისეთ მნიშვენლოვან საკითხებს, როგორიცაა სურსათის უვნებლობის საჭიროება, კონტამინაციის სახეობები და წყაროები, სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებები, სურსათში არსებული საფრთხეები, ბაგა‐ბაღებში სურსათის ჰიგიენურ პირობებში მიწოდების ზოგადი პრინციპები და სხვა. სამზარეულოს პერსონალი ასევე ინფორმაციას მიიღებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ჰიგიენა და სანიტარიის წესები ‐ სამზარეულოს რეცხვა, დეზინფექცია, ნარჩენების მენეჯმენტი, მავნებლების კონტროლი, პერსონალის პირადი ჰიგიენა და ვიზიტორების კონტროლი.

სწავლებას უძღვება ექიმი‐ჰიგიენისტი, მედიცინის PhD, ISO 22000 წამყვანი აუდიტორი და ბრიტანული კომპანია Lloyd’s‐ის ავტორიზებული ტრენერი მზია კუზნეცოვა.

ტრენინგი თბილისის მასშტაბით ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდება. სწავლებას ესწრებიან სააგენტოს ბავშვთა კვების, ჰიგიენისა და სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტები.

კომპანია „ელფი“, რომელმაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ პროცედურაში გაიმარჯვა, საბავშვო ბაღებს კვებით მომსახურებას უწევს. კომპანია უზრუნველყოფს ISO 9001-2008-ისა და HACCP-ის სტანდარტის დანერგვას თბილისის მასშტაბით არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვებითი მომსახურების პუნქტებში. აღნიშნულ ტრენინგს კომპანია „ელფი“ სწორედ კონტრაქტის პირობებით აღებული ვალდებულების ფარგლებში ატარებს.

„ელფი“ 2006 წელს დაფუძნდა და როგორც საზოგადოებრივი კვების, ისე კონკრეტულად ბაგა-ბაღების კვებითი მომსახურების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018