Logo

სურსათის უვნებლობის სამსახურმა „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას წარმოება შეუჩერა

სურსათის უვნებლობის სამსახურმა „კარფურის“ სენდვიჩების განყოფილებას წარმოება შეუჩერა

„კარფურში“ შეძენილი ქათმის სენდვიჩით 16 ადამიანის მოწამვლის ფაქტს შესაბამისი უწყებები სწავლობენ. მათ შორის არის სურსათის უვნებლობის სამსახური, რომელმაც უკვე შეუჩერა წარმოების უფლება იმ კონკრეტულ საწარმოს, სადაც მომწამვლელი საკვები მომზადდა.

„კარფურში“ კონკრეტულად სენდვიჩების განყოფილებაში განახორციელა შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა და ამის გამო კონკრეტულად ამ განყოფილებას შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ეს არის სურსათის უვნებლობის სტანდარტების, მათ შორის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევაც,“ - განაცხადა სურსათის უვნებლობის სააგენტოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა შველიძემ.

მისივე ინფორმაციით, "კარფური" 1000 ლარით დაჯარიმდა და წარმოების განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, როდესაც არსებულ პრობლემას აღმოფხვრის. 

პაციენტების მდგომარეობა შეისწავლა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. უწყებაში ამბობენ, რომ პაციენტების ნაწილს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, ნაწილმა კი სახლის პირობებში იმკურნალა.

„საკვების მიერ ტოქსიკო-ინფექცია უკავშირდებოდა საზოგადოებრივი კვების ობიექტში შეძენილი პროდუქტის გამოყენებას საკვებად. ადამიანები გახდნენ ავად დიარეით მიმდინარე დაავადებით, რომელსაც თან ახლდა მაღალი ტემპერატურა, პირღებინება და გამოხატული დიარეა. ამის გამო ნაწილმა მათგანმა მიმართა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს, თუმცა ნაწილი დარჩა სახლში, იმდენად მსუბუქად მიმდინარეობდა დაავადების სიმპტომები,“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

„კარფურში“ შეძენილი ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 ადამიანიდან 6 კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

 

წყარო

თარიღი

06.07.2018