Logo

საქართველოში ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტები დაინერგება

საქართველოში ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სტანდარტები დაინერგება

 ევროპის ფონდმა დაასრულა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით.

ევროპის ფონდმა სურსათის უვნებლობის საკითხებზე მუშაობა რვა წლიწადზე მეტი ხნის წინათ დაიწყო.

სურსათის უვნებლობის სტანდარტები ხელახლა დაინერგა საქართველოში და მათი შესრულების მონიტორინგი დაიწყო, ახლადშექმნილი სახელმწიფო უწყების მიერ. 2012 წლიდან, ევროკავშირის დახმარებით, ევროპის ფონდმა გააფართოვა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ადვოკატირება საქართველოში და მოლდოვაშიც დაიწყო მუშაობა სამოქალაქო მონაწილეობის გასაზრდელად, იქაური პარტნიორების მეშვეობით. ამ პროექტის შედეგად, კონკრეტული ცვლილებები განიცადა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ და პრაქტიკამ, კერძოდ, გაუმჯობესდა სასურსათო პროდუქტების ეტიკეტირება, გაიზარდა სასურსათო საწარმოების ინსპექტირების შედეგების გამჭვირვალობა, გაუმჯობესდა სურსათის უვნებლობის სისტემები სასურსათო საწარმოებში.

სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებების თაობაზე საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდასთან ერთად, პროექტმა ასევე გააუმჯობესა რეფორმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამჭვირვალობა და ეფექტიანობა, ასევე, განავითარა ცამეტი სსო-სა 73 ახალგაზრდის უნარები სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მონიტორინგისა ადვოკატირების კუთხით.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტების შესახებ, რომელმაც აკრძალა რძის პროდუქტების სახელწოდებების დატანა ისეთი პროდუქტების ეტიკეტებზე, რომლებიც მცენარეულ ცხიმს შეიცავენ.

გარდა ამისა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ევროპის ფონდმა შეიმუშავა ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მობილური აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, საკუთარი სმარტფონების მეშვეობით გაეცნონ თბილისის საწარმოების სურსათის უვნებლობის სახელმწიფო ინსპექტირების შედეგებს და სურსათის შეძენისას უფრო ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

ასევე, ნიშანდობლივია ევროპის ფონდისა და მისი პარტნიორების დახმარება მეწარმეებისადმი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდისა და მათი წარმატებული მუშაობის წარმოჩენის კუთხით, წლის „საუკეთესო სასურსათო საწარმოს“ წოდების მინიჭებით.

„გვჯერა, რომ პროექტმა საქართველოსა და მოლდოვას ბევრი სარგებელი მოუტანა. თუმცა, სამუშაო ჯერ დასრულებული არ არის. მეტი ძალისხმევაა საჭირო სურსათის უვნებლობის საკითხებზე მეწარმეებისა და მოქალაქეების ცნობიერების გასაზრდელად, მომხმარებლის უფლებების დასაცავად სამოქალაქო აქტიურობის წასახალისებლად, საჯარო უწყებების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად.

ევროპის ფონდი, უახლოესი წლების მანძილზე ამ  მიმართულებით დაინტერესებული მხარეების მობილიზაციას გააგრძელებს“, -  განაცხადა  ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ.
წყარო

თარიღი

06.07.2018