Logo

უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა

უსაფრთხო შრომა ადამიანის უფლებაა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვის გაჭიანურებას. აღნიშნული კანონპროექტი მთავრობის მიერ ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივნისსაა ინიცირებული და ამ დრომდე მხოლოდ პირველი მოსმენითაა მიღებული. 2018 წლის 5 თებერვალს წამყვან კომიტეტში დაგეგმილი მეორე მოსმენა ჩაიშალა მთავრობის მიერ კანონპროექტის ძირითად დებულებებზე შეუჯერებლობის მიზეზით. პროცესის გაჭიანურება აჩვენებს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება სათანადოდ არ არის გაზიარებული საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან. გარდა ამისა, კანონპროექტს აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომელთა გამოსწორების ნაცვლად, არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ არსებული ტექსტი კიდევ უფრო გაუარესდეს, რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით შეფასებას იმსახურებს.

ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შრომის უსაფრთხოება პირველ რიგში ადამიანის უფლების საკითხია. ყველა დასაქმებულს აქვს უფლება იმუშაოს უსაფრთხო სამუშაო გარემოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იქნება. დამსაქმებლებს ამ კუთხით ვალდებულებები დღესაც აქვთ. კანონპროექტის ძირითადი მიზანი მათი შესრულების უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, შრომის უსაფრთხოება ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილონ და არ წავიდნენ კომპრომისებზე დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებების ხარჯზე. ინიცირებული ვერსიით:

1. კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ მძიმე და მავნეპირობებიან სამუშაოებზე, რომლებიც ასევე შეიცავს მომეტებულ საფრთხეს. ერთდროულად ამ ორი კრიტერიუმის შემოტანა უკიდურესად ავიწროებს კანონის მოქმედების ფარგლებს მაშინ, როდესაც ყველა დასაქმებულს აქვს უფლება უსაფრთხო შრომაზე და ყველა მათგანისთვის უნდა მოხდეს აღნიშნულის გარანტირება. წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოების ახალ სტანდარტებს არ ადგენს, არამედ უზრუნველყოფს უკვე მოქმედი სტანდარტების პრაქტიკაში განხორციელებას იძულების მექანიზმის შემოღებით, რისი გათვალისწინებითაც მისი მოქმედების არეალის დავიწროება სრულიად მიუღებელია;

2. სანქციები უკიდურესად დაბალია და ვერ უზრუნველყოფს კანონის მიზნების მიღწევას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების თითოეული პირობის დარღვევა პირველ ჯერზე იწვევს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 50 ლარის ოდენობის ჯარიმას, რაც სრულიად არასაკმარისია. გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ვალდებულების დარღვევა საერთოდ არ იწვევს პასუხისმგებლობას;

3. ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი სამსახური. სამწუხაროდ, კანონი არ ქმნის დამოუკიდებელ, მოქნილ, ძლიერი მანდატის მქონე ინსტიტუციას, რაც სერიოზული გამოწვევაა. პროექტი ასევე არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საკადრო რესურსებით გაძლიერებას, რაც უკიდურესად ამცირებს კანონის ეფექტიანი აღსრულების შესაძლებლობას;

4. ზედამხედველ ორგანოს მოსამართლის ბრძანების გარეშე მხოლოდ შერჩევითი კონტროლით და ისიც კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ შეუძლია მეწარმის შემოწმება, რაც სერიოზულ ბარიერს წარმოადგენს და არ უზრუნველყოფს კანონის ეფექტიან აღსრულებას. მოსამართლე ბრძანებას გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველი ორგანო მას წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას დასაბუთებული და საფუძვლიანი ეჭვით მეწარმის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ. ბუნებრივია, შემოწმების განხორციელების გარეშე ზედამხედველ ორგანოს უკიდურესად გაუჭირდება ასეთი საფუძვლის შექმნა. მოსამართლე ვალდებულია მეწარმეს წინასწარ გაუგზავნოს შეტყობინება და საქმის მასალები, რის შემდეგაც ის საკუთარ მოსაზრებებს წარადგენს წერილობით. თუ აღნიშნული პროცედურის შედეგად მაინც გამოიცა მოსამართლის ბრძანება, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს მეწარმე მხოლოდ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც არსებობს მოსამართლის ბრძანება. თუ მეწარმე  არ დაუშვებს ზედამხედველ ორგანოს შესამოწმებლად, პირველ ჯერზე გათვალისწინებულია გაფრთხილება, მეორე ჯერზე კი ჯარიმა 200 ლარის ოდენობით. ხელშეშლის მომდევნო შემთხვევებზე კანონპროექტში საერთოდ არ არის საუბარი, მოსამართლის ბრძანება კი მოქმედებს მხოლოდ 15 დღე. თუ ზედამხედველობის ორგანომ მაინც მოახერხა მეწარმის შემოწმება და დარღვევის აღმოჩენა, იმის გადასამოწმებლად, აღმოფხვრილია თუ არა დარღვევა, კვლავ სასამართლოსთვის მიმართვა მოუწევს. საკითხის ამგვარად წარმოდგენა კანონპროექტში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.

გარდა ზემოაღნიშნული შემთხვევებისა, კანონპროექტს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ხარვეზებიც აქვს, რის გამოც რთულია შრომის უსაფრთხოების სფეროში ამჟამად არსებული საგანგაშო ვითარების შეცვლის მოლოდინის ქონა. რასაკვირველია, კანონის მიღება არსებული სიტუაციის რადიკალურად შეცვლას და სამუშაო ადგილებზე დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, და არა არაქმედითი დოკუმენტის მიღებას, რომელიც რეალურ ცვლილებას ვერ მოიტანს.

 

წყარო

თარიღი

09.07.2018